არჩევნები 2020

რურუა: III მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია, უპრინციპობას ვერავინ დაგვაბრალებს

მთავარი არხის მეწილე, გიორგი რურუა თვლის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით კენჭისყრაზე მონაწილეობა აუცილებელია. ამის შესახებ რურუა facebook-ზე წერს.  

"მინდა გამოვეხმაურო რვა მარტის შეთანხმებას! ჩემი პოზიცია ასეთია, მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია, მნიშვნელობის აღნიშვნას აღარ დავიწყებ. მესმის ჩემი მეგობრების პოზიციაც, მეც ასე მოვიქცეოდი მათ ადგილას. ჩემი მძევლად დატოვება ახლა მეორეხარისხოვანია. უპრინციპობას ჩვენ ვერავინ დაგვაბრალებს.

პროპორციული საარჩევნო კანონის მიღება იყო და არის საზოგადოების მთავარი მოთხოვნა, ასევე ჩვენი საერთაშორისო მეგობრების თხოვნაც. ეს საქმე მივიყვანოთ ბოლომდე. 

პოლიტპატიმარი გ.რურუა". – წერს რურუა. 

გიორგი რურუა, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, 2019 წლის 18 ნოემბერს, აქციის დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

რურუა ბრალს არ აღიარებს. 

მოგვიანებით, მის საქმეს კიდევ ერთი მუხლი – სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა დაემატა, რადგან რურუამ სასამართლოს განჩინების მიხედვით, დნმ-ის და თითის ანაბეჭდების ნიმუშების აღებაზე უარი თქვა.

გიორგი რურუას გათავისუფლება 8 მარტს დადებული საარჩევნო შეთანხმების ნაწილია, თუმცა ოცნება ამ დრომდე არ აღიარებს, რომ შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოიცავს. მას შემდეგ, რაც ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების ზეწოლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, ოპოზიცია და საქართველოს დასავლელი პარტნიორები კიდევ ერთი პოლიტპატიმრის, გიორგი რურუას გათავისუფლებასაც ითხოვენ. ქართულ ოცნებაში განაცხადეს, რომ მათთვის უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლება მიუღებელია და რომ პრეზიდენტს ამ საკითხზე მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია, რაც მოგვიანებით სალომე ზურაბიშვილმა უარყო და განმარტა, რომ ქართული ოცნების ლიდერები წინასწარ გააფრთხილა.

2020 წლის 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ხელი მოწერა ხელშეკრულებას, რომელიც ორნაწილიანია და ერთი მხრივ, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, მეორე მხრივ კი საარჩევნო სისტემის შეცვლას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების 120/30-ზე განაწილებას გულისხმობს. 

მანამ, სანამ ქართული ოცნება 8 მარტს დადებულ შეთანხმებას სრულად არ შეასრულებს, ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაზე უარს ამბობს. ევროპული საქართველო, ისევე, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მიიჩნევს, რომ ვინაიდან შეთანხმება ორნაწილიანია, ცვლილებების მხარდასაჭერად რურუას გათავისუფლებაა აუცილებელი. თუმცა, პირველი მოსმენის დროს ოპოზიციურმა პარტიებმა სხვადასხვა სტრატეგია აირჩიეს ევროპულმა საქართველომ გადაწყვიტა, რომ კანონპროექტისთვის პირველი მოსმენის დროს დაეჭირა მხარი და ამით ხელისუფლებისთვის გიორგი რურუას გასათავისუფლებლად მესამე მოსმენამდე დრო მიეცა.

კომენტარები