Coda წერილი

წინასაარჩევნო ვნებათაღელვა ბელარუსში, ინფოდემია საფრანგეთში და არაოფიციალური სტატისტიკა

ავტორი სოფიკო ვასაძე

საქართველოში არჩევნების მოახლოებასთან ერთად ვნებათაღელვა მატულობს. ოპოზიციის ნაწილი მაჟორიტარების კანდიდატებზე თანხმდება (ნაწილი ვერ), იქმნება ახალი გაერთიანებები და წინასაარჩევნო ტემპერატურა პიკს, ალბათ, სექტემბერში მიაღწევს. 

თუმცა ჩვენთან ძალიან ახლოს, ბელარუსში, არჩევნები კიდევ უფრო მალეა ჩანიშნული, აგვისტოში და, შესაბამისად, მოვლენები იქ ახლა ვითარდება.  

შაბათ-კვირას, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასზე მეტი მომიტინგე და ჟურნალისტი დააპატიმრეს პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე. ასევე დააკავეს ქვეყნის წამყვანი ოპოზიციის კანდიდატი, ვიქტორ ბაბარიკო. 

ბელარუსის რეაგირებამ კორონავირუსზე, შეიძლება, დიდი გავლენა იქონიოს აგვისტოში ჩანიშნულ არჩევნებსა და ლუკაშენკოზე, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან მართავს.

მიუხედავად იმისა, რომ, შეიძლება, ზოგს ჩვეულებრივ მოვლენად მოეჩვენოს ლუკაშენკოს მმართველობის პირობებში ოპოზიციონერების დევნა და ჟურნალსტებისთვის დაწესებული ცენზურა, მთავრობის მხრიდან მასშტაბური დეზინფორმაციის კამპანიამ და  COVID-19-ზე სახელმწიფოს რეაგირებამ “ბევრ ადამიანს უბიძგა, რომ გამხდარიყო უფრო მეტად პოლიტიზირებული”. – განმარტა არტიომ შრაიბმანმა, მინსკში დაფუძნებული პოლიტიკური ანალიტიკის საკონსულტაციო ჯგუფის წევრმა.

გარდა იმისა, რომ პანდემიისას ბელარუსში უნივერსიტეტები, საჯარო ტრანსპორტი თუ სპორტული ღონისძიებები არ გაჩერებულა, ქვეყნის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ერთერთი ის ლიდერი იყო, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში შემაშფოთებელ კომენტარებს აკეთებდა. 

მაგალითად, ის ინფიცირებულ ექიმებს ეუბნებოდა, რომ ყველაფერში დამნაშავეები თავად იყვნენ, რადგან არ იცავდნენ რეკომენდაციებსა და დაწესებულ ნორმებს. უმუშევარობის ზრდასთან ერთად სამსახურდაკარგულებს ეუბნებოდა: “დაიწყეთ მუშაობა იქ, სადაც არ მოგწონთ”, რამდენიმე დღის წინ ქალაქ ბრესტში სიტყვით გამოსვლისას ყველა გააფრთხილა “კორონა-ფისქოზის” მოახლოვებაზე. 

ბელარუსი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც პანდემიისას სრულად ღია იყო და არანაირი შეზღუდვა არ დაწესებულა, თუმცა არა ინფიცირებულების დაბალი მაჩვენებლის გამო: სინამდვილეში ქვეყანას კონტინენტზე ერთერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ერთ სულ მოსახლეზე. 

ეკონომიკის არჩაკეტვის რეალური მიზეზი მისი კატასტროფულად მძიმე მდგომარეობა იყო. ათწლეულების მანძილზე ეკონომიკის სტაგნაცია და მიმდინარე წლის დასაწყისში რეცესია არის მძლავრი პროტესტის მიზეზი – განმარტა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა არტიომ შრაიბანმა.

მაგრამ კორონავირუსი გახდა ერთგვარი კატალიზატორი, რადგან აქამდე არასოდეს პროტესტის ამგვარი ტალღა არ ყოფილა მინსკის გარეუბნებსა და სხვა ქალაქებში. 

“კორონავირუსი იყო ბოლო წვეთი იმისთვის, რომ ჩემი კანდიდატურა დამეყენებინა”. – გასულ კვირას განაცხადა ციხეში მყოფმა ოპოზიციურმა ლიდერმა ვიქტორ ბაბარიკომ. 

აგვისტოში ჩვენს ჯანმრთელობასთან ერთად გავიგებთ, მოერევა თუ არა ალექსანდრ ლუკაშენკოს პოლიტიკურ კარიერას კორონავირუსი.

რა როლს ითამაშებს ჩვენი ქვეყნის არჩევნებში პანდემია, ამას ოქტომბერში ვნახავთ. მანამდე კიდევ უფრო აქტიურად დავაკვირდებით საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესებს. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ გუშინ განაცხადა, რომ საქართველოში დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არჩევნების ჩატარების საშუალებას იძლევა.

ფრანგული ინფოდემია

არჩევნების შემდეგ ცოტას ინფოდემიაზე მოგიყვებით, რომელმაც ინტერნეტი დაიპყრო და რომელიც ჯერ არ შეჩერებულა:

ფრანგმა ონკოლოგმა, ჟერარ დელეპინმა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ევროპის ქვეყნებში სიკვდილიანობის ზრდა საკარანტინო რეჟიმის შემოღებით არის გამოწვეული.  

სტატიაში, რომელიც 5 ივნისს გამოქვეყნდა France-Soir-ში, ექიმმა დაწერა, რომ “სიკვდილიანობის ზრდა 5-დან 200-მდე ტოტალურმა იზოლაციამ გამოიწვია”.

დელეპინის ეს სტატია ვირუსული გახდა და ამ დრომდე Facebook-ში უკვე მილიონამდე ადამიანმა ნახა. 

მკვლევარებმა დელეპინი სასტიკად გააკრიტიკეს და ის მონაცემებით მანიპულირებაში დაადანაშაულეს. ექსპერტთა აზრით, ავტორმა არასწორი ინტერპრეტაცია გაუკეთა ციფრებს.

ისინი თვლიან, რომ საკარანტინო რეჟიმი არ გამხდარა სიკვდილიანობის ზრდის მიზეზი. პირიქით, მთავრობებმა ეს რეჟიმები სწორედ მათ შესამცირებლად შემოიღეს.

რამდენი ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსისგან?

BBC-მ გამოაქვეყნა მასალა, რომლის მიხედვითაც აანალიზებს კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებლებს 27 ქვეყანაში. აღმოჩნდა, რომ ვირუსისგან, სულ მცირე, 130 ათასი ადამიანით მეტია დაღუპული, ვიდრე ამას ოფიციალური მონაცემები ამბობენ. 

სხვადასხვა ქვეყანაში ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლების შედარება საკმაოდ რთულია. გამოთვლის სიზუსტე დამოკიდებულია, COVID-19-ზე ტესტირებული მოსახლეობის პროცენტულ მაჩვენებელზე და იმაზე, მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში შედის თუ არა საავადმყოფოებს მიღმა დაღუპული ადამიანების რიცხვი. 

კორონავირუსი ყველგან ერთნაირად არ ვრცელდება და ზოგიერთ ქვეყანაში “სიკვდილიანობის ჭარბი რიცხვი" შეიძლება კვლავ გაიზარდოს უახლოესი კვირებისა და თუ თვეების განმავლობაში, ხოლო ზოგიერთში ეს მაჩვენებელი თანდათანობით იკლებს. 

ჟურნალისტთა გამოთვლით, მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში 7 მარტიდან 5 ივნისამდე დაღუპულთა არარეგისტრირებულმა რიცხვმა 2,104 შეადგინა. (ოფიციალური მონაცემებით, ორივე ქალაქში კორონავირუსით 7,030 ადამიანი დაიღუპა) 

დანიაში, ნორვეგიაში, სერბეთში, სამხრეთ აფრიკაში, შვეიცარიასა და გერმანიაში “დამატებითი მაჩვენებელი” არ დაფიქსირებულა. 

ზოგიერთ ქვეყანაში არაოფიციალური სიკვდილიანობის მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე ოფიციალური სტატისტიკა. ასეთი ქვეყნებია: ავსტრია, ჩილე, ეკვადორი, ინდონეზია, ირანი, იაპონია, პერუ, პორტუგალია, სამხრეთ კორეა და ტაილანდი. 

კომენტარები