არჩევნები 2020

თალაკვაძე: გახარია იმსახურებს იყოს სიის პირველი ნომერი, მე ვარჩევდი სიის სათავეში არ ვიყო

არჩილ თალაკვაძე
საქართველოს მთავრობა

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე თვლის, რომ საპარლამენტო არჩევნებზე პრემიერმინისტრი გიორგი გახარია იმსახურებს, ქართული ოცნების სიის პირველი ნომერი იყოს. მისივე თქმით, მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, თავად რომელი ნომერი იქნება. 

"მე პირადად ვთვლი, რომ გიორგი გახარია იმსახურებს იყოს „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი. ეს გადაწყვეტილება გუნდის მისაღებია. ჯერ სიასთან დაკავშირებით არ არის გადაწყვეტილება მიღებული. ჩვენ ივლისის მეორე ნახევარში, აგვისტოში, საზოგადოებას უკვე წარვუდგენთ საარჩევნო სიას, ისევე როგორც მაჟორიტარებს.

რაც შეეხება პირადად ჩემს ადგილს, რომელი ნომერი ვიქნები სიაში, ჩემთვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მეტსაც გეტყვით, მე რომ მკითხონ, ვარჩევდი, რომ სიის სათავეში არ ვიყო და ჩემზე გამოცდილ, ჩემზე დაფასებულ, ღვაწლიან ადამიანებს უნდა ჰქონდეთ მოწინავე ადგილები". – ამბობს თალაკვაძე. 

თალაკვაძის თქმით, მათ გუნდის დაკომპლექტების პრობლემა არ აქვთ და დარწმუნებულია, რომ არჩევნებზე პროგრესული პროგრამითა და განახლებული გუნდით წარსდგებიან. 

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების 120/30-ზე პრინციპით ჩატარებას გულისხმობს, დღეს, 23 ივნისს, მეორე მოსმენით, ხოლო მომავალ კვირას მესამე მოსმენით უყრიან კენჭს. 

136 ხმა 5-ის წინააღმდეგ – 21 ივნისს, პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს.

პარლამენტში 120 დეპუტატის პროპორციული სიით, ხოლო 30-ის – მაჟორიტარულით არჩევა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს დადებული ისტორიული შეთანხმების ნაწილია. ამ შეთანხმების ნაწილია აგრეთვე პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. შეთანხმებაში მოაზრებული პოლიტპატიმრებიდან ამ დრომდე ციხეში მხოლოდ მთავარი არხის მეწილე, გიორგი რურუა რჩება.

კომენტარები