არჩევნები 2020

ვოლსკი : არჩევნები არ უნდათ, პოლიტიკური სპეკულაციებით ფიქრობენ ფონს გასვლას

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის აზრით, ოპოზიციის ბოიკოტი მეტყველებს იმაზე, რომ მათ არ სურთ არჩევნების ჩატარება და "პოლიტიკური სპეკულაციებით" ცდილობენ ფონს გასვლას.

"[...] იქნებ ვინმემ მხარი დაუჭიროს იმ საკითხს, რასაც ჰქვია მოგონილი პოლიტპატიმრების თემა – ესაა ერთადერთი პერსპექტივა. მაგრამ მეორე განშტოება ნაციონალური მოძრაობის, მათთვის ამის დემონსტრირება, რომ მათ იმედი აქვთ გამარჯვების, პოლიტიკური პოზიციონირება, რასაკვირველია, უფრო მნიშვნელოვანია, განსხვავებით ნაციონალური მოძრაობის ჯგუფისაგან. ასე რომ, ეს პოლიტიკური თამაშებია, რომელსაც აუცილებლად უნდა მოჰყვეს კეთილი შედეგები მაინც – უნდა შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და საზოგადოებამ უდა აირჩიოს იმ რაოდენობის ხალხი, რომელიც მათ უნდათ, იყვნენ წარმოდგენილები სხვადასხვა პარტიებიდან პარლამენტში". – ამბობს ვოლსკი.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ პარლამენტში საკონსტიტუციო პროექტის პირველ მოსმენას მხარს ევროპული საქართველოც დაუჭერს. მხარდაჭერის მიზანია, რომ მესამე მოსმენამდე ხელისუფლებას მიეცეს დრო, გაათავისუფლოს გიორგი რურუა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მესამე მოსმენის დროს პარტია კანონპროექტს მხარს აღარ დაუჭერს.

რაც შეეხება ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, პარტია კანონპროექტისთვის ხმის მიცემას არც პირველი მოსმენისას აპირებს, თუმცა პარტიის ლიდერმა, ნიკა მელიამ 20 ივნისს თქვა, რომ ისევ დეპუტატი რომ იყოს, არც კი დაფიქრდებოდა, ისე მისცემდა ხმას საკონსტიტუციო ცვლილებებს.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც დღეს 12 საათზეა ჩანიშნული, საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით უყრიან კენჭს. პარლამენტი კენჭს უყრის ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პრინციპით ჩატარდება, რაც პარლამენტში 120 დეპუტატის პროპორციული სიით არჩევას გულისხმობს, 30-ის კი – მაჟორიტარული პრინციპით. 

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებაზე ოპოზიცია და ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად 8 მარტს შეთანხმდნენ. იმისათვის, რომ ოპოზიციამ კანონპროექტს მხარი დაუჭიროს, ხელისუფლებამ დადებული პირობა უნდა შეასრულოს და გაათავისუფლოს პოლიტპატიმარი გიორგი რურუა.

კომენტარები