არჩევნები 2020

ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ პარტიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პარტია მხარს უჭერს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, მაგრამ 8 მარტის შეთანხმების სრულად შეუსრულებლობის გამო კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს.

"ცვლილებების ეს პაკეტი არის საქართველოს მოქალაქეების, საერთაშორისო პარტნიორების, სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ძალისხმევის შედეგი. ნაციონალურ მოძრაობას ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის. ამავე დროს, დემოკრატიის და სამართლიანი არჩევნების პრინციპების ხელშეწყობისათვის აუცილებელია მიღწეული შეთანხმებების შესრულება, მით უფრო, იმ ხელისუფლების პირობებში, რომელმაც თავის საქმიანობის ქვაკუთხედად მოქალაქეების მუდმივი მოტყუება აქცია. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი პოზიცია ეფუძნება ჩვენი ამომრჩევლების ნებას - საკონსტიტუციო ცვლილებებისადმი ჩვენი მხარდაჭერა უპირობო იქნებოდა 8 მარტის შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულებით, კერძოდ პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლებით, რაც, სამწუხაროდ, ამ მომენტამდე არ მოხდა. საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას დაეკისრება". – წერია ენმ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გუშინ, 20 ივნისს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს ოპოზიციამ პირველი მოსმენით მხარი უნდა დაუჭიროს. მან ევროპული საქართველოს გადაწყვეტილებას სწორი უწოდა და აღნიშნა, რომ თავად არც დაფიქრდებოდა, ისე მისცემდა ხმას საარჩევნო ცვლილების შესახებ კონსტიტუციური კანონის პროექტს.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც დღეს 12 საათზეა ჩანიშნული, საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით უყრიან კენჭს.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ პარლამენტში საკონსტიტუციო პროექტს პირველი მოსმენით მხარს ევროპული საქართველოც დაუჭერს. თუმცა მეორე მოსმენასთან დაკავშირებულ კენჭისყრაში პარტია მონაწილეობას არ მიიღებს იქამდე, ვიდრე მთავარი არხის მეწილე, გიორგი რურუა პატიმრობიდან არ გათავისუფლდება.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებაზე ოპოზიცია და ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად 8 მარტს შეთანხმდნენ. იმისათვის, რომ ოპოზიციამ კანონპროექტს მხარი დაუჭიროს, ხელისუფლებამ დადებული პირობა უნდა შეასრულოს და გაათავისუფლოს პოლიტპატიმარი გიორგი რურუა.

კომენტარები