არჩევნები 2020

ჩარკვიანი: ივანიშვილის მიერ ყურებით დათრეულმა ბოკერიამ "ძალა ერთობაშია"-ს დაარტყა

1tv.ge

პარტია "კანონი და სამართალის" ლიდერი, გაერთიანება "ძალა ერთობაშიას" წევრი თაკო ჩარკვიანი ოპოზიციურ ძალებს შორის თბილისის ექვს მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატების წარდგენას გამოეხმაურა.

ჩარკვიანმა ტვ პირველის ეთერში თქვა, რომ გაფართოებულ მაგიდასთან მსხდომ ძალებს შორის ერთიანობას ვერ ხედავს და მიაჩნია, რომ ჩაფიქრებულია, "ძალა ერთობაშიას" წინააღმდეგ შეიქმნას დიდი გაერთიანება, რომელიც ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას გარშემო იქნება შემოკრებილი. როგორც ჩარკვიანი ამბობს, თავის მხრივ, ბოკერია ბიძინა ივანიშვილს "ყურებით ჰყავს დათრეული".

თაკო ჩარკვიანის თანახმად, "არანაირი საერთო შეიძლება არსებობდეს, როდესაც მაგიდასთან გიზის ოკუპანტის მომხრე", ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართული შეხვედრების უკან კი, მისი თქმით, "ჩაფიქრებული იყო, რომ ძალა ერთობაშია-ს წინააღმდეგ შეიმქნას დიდი გაეთიანება, გაფართოებული".

ჩარკვიანი აცხადებს, რომ ამგვარი გაერთიანების მიღმა ივანიშვილის მიერ "ყურებით დათრეული" გიგა ბოკერიაა:

"ეს არის მისი დიდი სავარძლის ოცნება, ჯიბრი და ელანდება მუდმივად ოპონენტად მიხეილ სააკაშვილი.

შესანიშნავად იცის ბოკერიამ, რომ გამორიცხულია, გარეთ, ნორმალურ პირობებში, პრაიმერ-კვლევით დასახელდეს მისი პარტიიდან ან თავად პრემიერად. ამას მე კი არ გეუბნებით, კვლევა აჩვენებს", - ამბობს ჩარკვიანი ევროპული საქართველოს ლიდერზე.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა "მოახერხა და ოპოზიციაში ჩასვა თავისი დაფინანსებული რუსული ვექტორი", ხოლო ბოკერიაზე "მილიონიანი ინფორმაციები არსებობს", რომელსაც "ელანდება მუდმივად სააკაშვილი ოპონენტად და იმ დღეს იძულებული გახდა სააკაშვილი, რომ ეთქვა, ნუ მეტოლებითო".

ჩარკვიანი ბოკერიას ივანიშვილთან გარიგებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ამით დარტყმას აყენებს "ძალა ერთობაშიას":

"პროცესი ზიანდება, როდესაც შენ გარიგებას აწარმოებ შენს ცბიერ ოპონენტთან. ეს არის პროცესის ჩაშლა და დაზიანება. ნაღდი რაც იყო, ეს იყო ძალა ერთობაშია, რომელმაც გამარჯვება მოუტანა უპირობო. ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად იყვნენ დასავლური ვექტორის მომხრე პარტიები და ჩვენ დავდეთ დიდი გამარჯვება. მაინცდამაინც იმ პროექტს დაარტყა ბოკერიამ".

დასასრულს, ჩარკვიანი აცხადებს, რომ "ლელოს და ელისაშვილს შუა ხმების წაღება უნდათ და შემდეგ შეურთდებიან ბოკერიას".

კითხვაზე, თუ რატომ რჩება ნაციონალური მოძრაობა ამ ყველაფრის მიუხედავად მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩარკვიანი პასუხობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა არაა იმ მდგომარეობაში, რომ დამშლელის ფუნქცია ჰქონოდა", სანაცვლოდ კი, თავად მას "სხვა მდგომარეობა აქვს".

დღეს, 19 ივნისს, ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეკრებილმა ოპოზიციურმა ძალებმა თბილისის ექვს საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის საერთო კანდიდატები წარადგინეს. მთაწმინდასა და კრწანისში ოპოზიციის საერთო კანდიდატი შალვა შავგულიძე იქნება, ვაკეში ელენე ხოშტარია, ისანში გიორგი ვაშაზე, გლდანში ნიკა მელია, ხოლო სამგორში - ლევან ხაბეიშვილი.

დიდუბე-ჩუღურეთის და საბურთალოს ოლქებში ოპოზიციას ერთიანი კანდიდატი ჯერ არ წარუდგენია. ოპოზიცია აღნიშნავს, რომ კონსულტაციები გრძელდება.

კომენტარები