საარჩევნო შეთანხმება

მდინარაძე: 77/73-ზე სისტემით ქართული ოცნება ოპოზიციას "დავანგრევთ", მაინც მიდიან ვაბანკზე

საქართველოს მთავრობა

ქართული ოცნების წევრის, მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიციის მხრიდან რურუას გათავისუფლების მოთხოვნა "პიარული თავხედობაა" მაშინ, როცა ეს საკითხი საკონსტიტუციო ცვლილებებს უკავშირდება.

"ოპოზიციამ პოლიტიკური ბრძოლის ეს ეპიზოდი [უგულავა-ოქრუავილის შეწყალება] წარმატებად ჩათვალა, შეიძლება, ჩვენმა ბევრმა მხარდამჭერმაც ასე ჩათვალა, ამას ობიექტური საფუძველიც ჰქონდა.

მაგრამ პიარული თავხედობა ჰქვია ჰქვია იმას, რომ ერთ მხარეს არის გიორგი რურუას გათავისუფლება-არგათავისუფლების საკითხი (სულ რომ ჩვენ საქმე იყოს, ჯერ ერთი, რა ჩვენი საქმეა სასამართლოში ჩარევა), მეორე მხარეს კი კონსტიტუციის ანუ ქვეყნის ბედი. კერძოდ, რა სისტემით ჩავატარებთ არჩევნებს - ამაზე დიდი პიარული თავხედობა არის წარმოუდგენელი", - თქვა მდინარაძემ.

დეპუტატი იმაშიც დარწმუნებულია, რომ ქართული ოცნება არსებული მაჟორიტარული სისტემით ოპოზიციას დაამარცხებს.

"ხომ იციან, რომ 77/73-ზე წესით ქართული ოცნება ოპოზიციას "დავანგრევთ". არ ვაზედმეტებ, წარმოიდგინეთ, ქართული ოცნება რას უზამს ოპოზიციას, იციან ეს და ამ პიარული თავხედობის გამო მაინც ვაბანკზე მიდიან და აწვებიან, რომ თუ ჟორიკა რურუას არ გამოუშვებ, მე ამასაც ჩაგიგდებ და საერთაშორისო რეაქციები იქნება უმძიმესი. ჩააგდონ, უფრო მაგრად მოვუგებთ. ახლა ჩვენ ვეხვეწებით, იქნება პროპორციულ სისტემაზე გადავიდეთ რამენარად-თქო", - თქვა მან.

საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი დღის წესრიგში 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ დადგა, როცა ხელისუფლებამ ანტირუსული აქცია არაპროპორციული ძალის გამოყენებით დაშალა. დემონსტრაციები გაგრძელდა. აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მოთხოვნა 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო. 24 ივნისს ბიძინა ივანიშვილმა ეს დაპირება გასცა, თუმცა, 14 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ჩააგდო.

პროტესტი განახლდა. მმართველმა გუნდმა დემონსტრანტების წინააღმდეგ კიდევ გამოიყენა სპეციალური დანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლი. ოპოზიციამ პარლამენტის მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადა.

ფასილიტატორის როლი დასავლელმა პარტნიორებმა იკისრეს. აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის რამდენიმე შეხვედრა შედგა. თუმცა, 2020 წლის 10 თებერვალს, გიგი უგულავასთვის პატიმრობის მისჯის შემდეგ მოლაპარაკებები შეწყდა.

2020 წლის 8 მარტს, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ორნაწილიანია და ერთი მხრივ, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, მეორე მხრივ კი საარჩევნო სისტემის შეცვლას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების 120/30-ზე განაწილებას გულისხმობს.

ქართული ოცნება უარყოფს, რომ შეთანხმების ერთი ნაწილი პოლიტპატიმრებს ეხება, ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ბოიკოტს გამოუცხადებდა საკონსტიტუციო ცვლილების ნაწილს, პოლიტპატიმრების არგათავისუფლების შემთხვევაში.

დასავლელი პარტნიორების ზეწოლის, არაერთი კრიტიკული განცხადების და მოწოდების შემდეგ, ქართულმა ოცნებამ გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, 15 მაისს სალომე ზურაბიშვილმა ორი მათგანის შეწყალების შესახებ განაცხადა.

ქართულ ოცნებაში განაცხადეს, რომ მათთვის ეს გადაწყვეტილება მიუღებელია და რომ პრეზიდენტს ამ საკითხზე მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

ოპოზიცია გიორგი რურუას გათავისუფლებასაც ითხოვს, რაც ასევე 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეთანხმებას ჩაშლილად ჩათვლის, მონაწილეობას არ მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში და მთელ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

კომენტარები