არჩევნები 2020

კილაძე: ამ გუნდით და რეიტინგით არჩევნების ოქტომბერში ჩატარება ნამდვილად არ გვაშინებს

ტაბულა

ქართული ოცნების წევრი, სოფო კილაძე ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა პანდემიის პირობებში იმდენად კარგად იმუშავა, რომ საზოგადოების ნდობა მათ მიმართ უფრო გაიზარდა. მისივე თქმით, ამ რეიტინგით ქართულ ოცნებას არჩევნების ოქტომბერში გამართვის არ ეშინია. 

"ხალხმა დაინახა, რომ ხელისუფლება არის ეფექტიანი და ამიტომ, ამ გუნდით, ამ რეიტინგით, ნამდვილად არ გვეშინია არჩევნების ჩატარების ოქტომბერში, ამიტომ თეორიული შანსიც კი არ არის ის, რომ ქართული ოცნების ინტერესში შეიძლება შედიოდეს არჩევნების გადაწევა, თუ ამაზე სპეკულირებენ ჩვენი ოპონენტები",- ამბობს კილაძე და აღნიშნავს, რომ მმართველო გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არჩევნები ოქტომბერში ჩატარდეს. 

არჩევნების გადავადებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ, თუ არჩევნების წინა პერიოდში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუარესდება, მთავრობა საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს, არჩევნები კი ჩატარდება "საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან არა უადრეს 45 და არა უგვიანეს 60 დღისა". მისივე თქმით, თუ ოქტომბერში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა ნოემბრის დასაწყისში გაუქმდება, არჩევნების ჩატარების თარიღი, "წესით, უწევს დეკემბრის ბოლოს."

კობახიძის აზრს იზიარებს ქართული ოცნების კიდევ ერთი წევრი, გიორგი კახიანი და ამბობს, რომ თუ კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მაშინ არჩევნების ჩატარების თარიღი გადავადდება.

ოპოზიციაში აღნიშნავენ, რომ 2020 წლის საპარალამენტო არჩევნების გადავადებასთან დაკავშირებით ქართული ოცნების საუბრები პოლიტიკური სპეკულაციაა. ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ ობიექტური საფუძველი არ არსებობს და რა დროს და რა სისტემითაც არ უნდა გაიმართოს არჩევნები, ქართული ოცნება დამარცხდება. 

კომენტარები