ეკონომიკა

გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა აპრილში 20,4%-ით შემცირდა

flickr.com

გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა მარტთან შედარებით, აპრილში  20,4%-ით შემცირდა. კიდევ უფრო დიდი იყო კლება წლიურ გამოსახვაში. წინა წლის აპრილთან შედარებით მშპ 24,5%-ით შემცირდა. ეს 1997 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი ყოველთვიური მაჩვენებელია. 

ამავე პერიოდში ინდუსტრიული წარმოება 20,3%-ით დაეცა, რაც საწარმოების შეჩერებით იყო გამოწვეული. ჯამურად 19%-ით შემცირდა სერვისების სექტორიც, რომელზეც ჯამურად მთლიანი ეკონომიკის, დაახლოებით, 80% მოდის.

გაერთიანებული სამეფო ერთერთი იშვიათი სახელმწიფოა, რომელიც მშპ-ს ზრდის შესახებ ინფორმაციას ყოველთვიურად აქვეყნებს. კორონავირუსის პანდემიის საპასუხოდ მიღებულმა ზომებმა ბოლო ასი წლის მანძილზე ყველაზე მძაფრი ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია. 

10 ივნისს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ [OECD] გლობალური ეკონომიკური ზრდის შესახებ განახლებული პროგნოზი გამოაქვეყნა.

ორგანიზაციის მიერ მომზადებულ დოკუმენტში განხილულია პანდემიის განვითარების ორი სცენარი. საბაზისო სცენარში Covid-19-ის პანდემიის შეჩერება პირველი ტალღის შემდეგ მოხერხდება. მეორე სცენარი კი იმ დაშვებით არის შედგენილი, რომ მომდევნო თვეებში მსოფლიოს პანდემიის კიდევ ერთი ტალღის გადატანა მოუწევს. 

ორგანიზაციის პროგნოზით, პირველ შემთხვევაში გლობალური მშპ 6%-ით შემცირდება, ხოლო მეორე ტალღის შემთხვევაში ვარდნა 7,6%-ს გაუტოლდება. 

უნდა ითქვას, რომ OECD-ის მიერ გამოქვეყნებული პროგნოზი ჯერჯერობით ყველაზე პესიმისტურია. შედარებისთვის, აპრილში საერთაშორისო სავალუტო ფონდი ვარაუდობდა, რომ გლობალური მშპ 3%-ით შემცირდებოდა. ფონდი პროგნოზს რამდენიმე დღეში განაახლებს. 

რაც შეეხება OECD-ის კვლევას, დოკუმენტის მიხედვით, მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკებიდან წელს უკლებლივ ყველა მძიმე ეკონომიკური რეცესიის ფაზაში შევა. ორგანიზაციის პროგნოზით, ევროზონის ეკონომიკა წელს შესაძლოა 9,1%-დან 11,5%-მდე შემცირდეს, ხოლო უშუალოდ OECD-ის წევრი სახელმწიფოებისა კი – 7,5%-დან 9,3%-მდე.

ცალკეული ქვეყნების მიხედვით პროგნოზი შემდეგნაირად გამოიყურება:

  • აშშ — კლება - 7,3% - 8,5%;
  • ჩინეთი — კლება - 2,6% - 3,7;
  • იაპონია — კლება - 6% - 7%;
  • გაერთიანებული სამეფო — კლება -11,5% - 14%;
  • გერმანია — კლება - 6,6% - 8,8%;
  • ინდოეთი — კლება - 3,7% - 7,3%;
  • კანადა — კლება - 8% - 9,4%;
  • ესპანეთი — კლება 11,1% - 14,4%;
  • საფრანგეთი — კლება — 11,4% - 14,4%;
  • იტალია — კლება — 11,3% - 14%;

ამასთანავე, ორგანიზაციაში ვარაუდობენ გლობალური უმუშევრობის მატებასა და ცხოვრების ხარისხის გაუარესებას. მოსალოდნელია, რომ OECD-ის წევრ სახელმწიფოებში უმუშევრობის მაჩვენებელი ჯამურად 10%-ს მიაღწევს. 

ამავე დოკუმენტის მიხედვით, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო ბოლო 5 წლის განმავლობაში შემოსავლის ზრდის კუთხით მიღწეული პროგრესი სრულიად დაიკარგება.

კომენტარები