ახალი კორონავირუსი საქართველოში

თსუ-ს დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეათე კორპუსის დასუფთავების სამსახურის ერთერთ თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად უნივერსიტეტი ავრცელებს.

თსუ-ს მიერ გავცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ინფიცირებულ პირთან მყოფ ყველა კონტაქტს PCR ტესტი უტარდება და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

"აღსანიშნავია, რომ თსუ-ში სტუდენტები 23 მარტიდან ონლაინრეჟიმში გადიან სასწავლო პროცესს და ლექციები ტარდება მხოლოდ დისტანციურ ფორმატში. ასევე, დისტანციურ რეჟიმში მუშაობს ადმინისტრაციული პერსონალი, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, როდესაც რამდენიმე თანამშრომელს დროის მცირე მონაკვეთით უწევს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება. შესაბამისად, დაინფიცირებულთან სამსახურეობრივი კონტაქტის რაოდენობა საკმაოდ მცირეა.

მეათე კორპუსში კიდევ ერთხელ ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. ამასთან, თსუ სრულად არის უზრუნველყოფილი ვირუსის გავრცელებისა და გადადებისგან დამცავი ყველა საჭირო აღჭურვილობით. ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაო და პრაქტიკული სამუშაოებისთვის განკუთვნილი სივრცეების სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავება. ყველა შენობა აღჭურვილია დეზობარიერით, სადეზინფექციო საშუალებებით, შენობაში შესვლისას ხორციელდება თერმოსკრინინგი. მომხდარი ფაქტის გამო დამატებით გატარდა პრევენციული ზომები". – წერია თსუ-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსი 831 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 694 გამოჯანმრთელდა, 13 პაციენტი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3 213 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 303.

კომენტარები