საქართველო-სომხეთი

ტიკარაძე: სომხეთს შევთავაზეთ სასუნთქი აპარატები და პერსონალის გაგზავნა

მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა ქართულ მხარეს სომხეთში არსებული მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა და ქართველ კლინიცისტებთან კომუნიკაციის და მათი მხრიდან გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა. 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ტოროსიანმა მას მიაწოდა სტატისტიკა, თუ რამდენი ადამიანი მკურნალობს ბინაზე, რამდენი გადის სტაციონარულ მკურნალობას, ასევე, რა რაოდენობის პაციენტი საჭიროებს ჟანგბადით მხარდაჭერას. ასევე, მან მიაწოდა ინფორმაცია მძიმე პაციენტების შესახებ. 

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ. ტიკარაძე ამბობს, რომ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი დაინტერესდა, თუ როგორია საქართველოს სტრატეგიული გეგმა შემოდგომისთვის და რა ღონისძიებები ტარდება. 

"დაინტერესდა, როგორ იკვლევენ ჩვენი ეპიდემიოლოგები ინფექციის გავრცელების ჯაჭვს. ძირითადი აქცენტი კეთდება იმაზე, თუ რა კლინიკური მიდგომები გვაქვს. გადავწყვიტეთ, რომ შედგეს ვიდეოკონფერენცია, რომელსაც შემდეგ სისტემატური ხასიათი მიეცემა. კონფერენციის შედეგად უფრო დეტალურად დავადგენთ საჭიროებებს და დავგეგმავთ კონკრეტულ დავალებებს. ამასთანავე, ჩვენ შევთავაზეთ სასუნთქი აპარატებით დახმარება და, ასევე, პერსონალის გაგზავნა სომხეთში, რა თქმა უნდა, იმათი, ვინც ამის სურვილს გამოთქვამს. გარდა ამისა, შევთავაზეთ, რომ ჩვენი ტესტების მოცულობიდან გამომდინარე, შეგვიძლია, საზღვარზე ავაწყოთ ისეთი ლოჯისტიკა, რომ მათ ჰქონდეთ ნაცხების გადმოცემის შესაძლებლობა. იმ შემთხვევაში, თუ თავიანთი ლაბორატორიული სიმძლავრე არ ეყოფათ, ჩვენ დავახმართ ჩვენს ლაბორატორიას", - ამბობს ტიკარაძე. 

11 ივნისს, მთავრობის სხდომაზე, საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ საქართველო სომხეთს სამედიცინო პერსონალით დაეხმარება და ჯანდაცვის სამინისტრომ ამ საკითხზე მუშაობა დაიწყო. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს:  "შეგვიძლია, დღეში სომხეთიდან აღებული 500-დან 1000-მდე ნიმუშის ტესტირება ჩავატაროთ, ან ტესტების გარკვეული რაოდენობა საჩუქრად გადავცეთ სომხეთს".

კომენტარები