ნავთობის ბაზარი

Goldman&Sachs უახლოეს მომავალში ნავთობის ფასების ვარდნას პროგნოზირებს

wordpress.com

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის, Goldman&Sach-ის ანალიტიკოსები მომდევნო კვირებში ნავთობის ფასის საგრძნობ ვარდნას პროგნოზირებენ. 

ფასების შესაძლო ვარდნის მიზეზად ანალიტიკოსები რამდენიმე ფაქტორს ასახელებენ, მათ შორის უცნობია თუ რამდენად მაღალი იქნება მოთხოვნა ნავთობზე, ასევე, მნიშვნელოვანი იქნება ნავთობის უკვე დაგროვილი მარაგები, რომელიც მაქსიმალურ ნიშნულზეა. 

წინა თვეებში ნავთობის ფასების ვარდნის გამო, მთელ მსოფლიოში მარაგების შევსება დაიწყო, შედეგად, ამ დროისთვის ნავთობის შემნახველი სიმძლავრეები პრაქტიკულად სრულად არის დატვირთული. 

ბოლო კვირების განმავლობაში ნავთობის ფასები საგრძნობლად გაიზარდა, მაგალითად. საერთაშორისო სტანდარტად მიჩნეული Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა პირველად ბოლო სამი თვის განმავლობაში 42 დოლარს გადააჭარბა

საინვესტიციო ბანკის პროგნოზით, მომდევნო კვირებში Brent-ის მარკის ნავთობის ფასი შესაძლოა 35 დოლარს ჩამოცდეს. მოსალოდნელია, რომ უფრო მეტად გაიაფთდება ამერიკული WTI-ის მარკის, რუსული URALS-ისა და არაბული Arab Light-ის ნავთობი.

8 ივნისს, OPEC-ის სახელით ცნობილმა ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების კარტელმა და რუსეთმა ნავთობის მოპოვების რეკორდული შემცირების შეთანხმება კიდევ 1 თვით გააგრძელეს. ამის შესახებ ინფორმაციას არაბეთის გაერთიანებული საემიროების ენერგეტიკის მინისტრი, სუხეილ მაზრუი ავრცელებს. 

მხარეები ნავთობის მოპოვების რეკორდულ შემცირებაზე, ფასების სტაბილიზაციის მიზნით, 12 აპრილს შეთანხმდნენ. შეთანხმების მიხედვით, მხარეებმა ნავთობის მოპოვების დღეში ჯამურად 9.7 მილიონი ბარელით შეამცირეს. 

შეთანხმების მიხედვით, ამ შეზღუდვის მოქმედების ვადად 30 ივნისი განისაზღვრა, თუმცა ახალი გარიგებით ვადა 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდა. 

საბოლოო შეთანხმებას წინ რამდენიმე რაუნდი უძღოდა. მოპოვების შემცირების შესახებ შეთანხმების გაგრძელება რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება, მათ შორის კორონავირუსის პანდემიას, რის ფონზეც მოთხოვნა საგრძნობლად შემცირდა. 

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს დასკვნის მიხედვით, მხოლოდ მაისში ნავთობზე საერთაშორისო მოთხოვნა დღიურად 8.6 მილიონი ბარელით შემცირდა. ეს რიცხვი კიდევ უფრო დიდი იყო აპრილში, მაშინ მაჩვენებელმა დღიურად 29 მილიონ ბარელს გადააჭარბა.

ნავთობის ფასებმა ბოლო სამი თვის განმავლობაში რამდენიმე ისტორიული ანტირეკორდი განაახლა. კორონავირუსთან ერთად, ნავთობის ფასის მკვეთრი ვარდნის მიზეზი 6 მარტს ვენაში გამართული OPEC-ის სხდომა იყო, სადაც რუსეთმა უარი თქვა საუდის არაბეთის წინადადებაზე - ნავთობის მოპოვება 1.5 მილიონი ბარელით შეემცირებინათ. 

საბოლოოდ, რუსეთს გაცილებით უფრო მძიმე პირობებზე მოუწია დათანხმება. 12 აპრილს რუსეთი დღიურად მოპოვების 2.5 მილიონი ბარელით შემცირებას დათანხმდა. წინა დღეეებში ცნობილი გახდა, რომ ნავთობის ფასის ვარდნის გამო, უმსხვილესმა რუსულმა კომპანიებმა $8.2 მილიარდი იზარალეს.

აპრილში მიღწეული შეთანხმების შემდეგ, ნავთობის ფასების ეტაპობრივი აღდგენის პროცესი დაიწყო. ბოლო დღეებში, პირველად ბოლო სამი თვის განმავლობაში საერთაშორისო სტანდარტად მიჩნეული Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა 40 დოლარს გადააჭარბა. 

39 დოლარამდე გაიზარდა რუსული წარმოების URALS-ის ფასი, ხოლო ამერიკული WTI-ის ფასმა 38 დოლარს გადააჭარბა.

კომენტარები