საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

უსუფაშვილი ეკლესიისთვის ტყის გადაცემაზე: ემსახურება ვიწროპარტიულ და კერძო ინტერესებს

დავით უსუფაშვილი

დავით უსუფაშვილის თქმით, ტყის საუკეთესო მეპატრონე ტყის კონკრეტულ მასივთან მცხოვრები მოსახლეობა იქნება, რომელსაც აქვს ტყის უპირატესი მოსარგებლის ბუნებრივი უფლება და რომელმაც მას თვითმმართველობისა და სახელმწიფო რეგულაციების საფუძველზე უნდა უპატრონოს.

უსუფაშვილის შეფასებით, ლელო მხარს უჭერს ტყის შესაბამისი მასივების მუნიციპალურ და სასოფლო საკუთრებაში გადაცემას და მიიჩნევს, რომ ეკლესია -მონასტრებიც ამავე პრინციპის საფუძველზე შეიძლება იყვნენ ტყის ნაკვეთების მფლობელები.

ამავე დროს, უსუფაშვილი ამბობს, რომ "არჩევნებამდე 6 თვით ადრე, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, „საეკლესიო ტყეების“ საკითხის წამოწევით სახელმწიფოს სათავეში მყოფი მორიგი ხელისუფლება მორიგ ჯერზე ცდილობს წინასაარჩევნო ბატალიებში ჩაითრიოს საეკლესიო წრეები.

ამისათვის ნაცად ხერხს მიმართეს და სწორედ წინასაარჩევნო თვეებში გააჩაღეს დისკუსია გადასაცემი ტყის ფართობებზე, პირობებეზე, ვადებზე და სხვა. ვთვლით, რომ ასეთი მიდგომა ემსახურება ვიწროპარტიულ და კერძო ინტერესებს და არა ტყის, ეკლესიის და ქვეყნის ინტერესებს".

რაც შეეხება საეკლესიო ქონებას, უსუფაშვილის თქმით, "თითქოს ეკლესიის საუკეთესო ინტერესებში უნდა იყოს ამ საკითხებში სამაგალითო გამჭვირვალობა, მაგრამ დღეს ეს არ ხდება არც ეკლესიის კეთილი ნებით და არც სახელმწიფოს სუვერენული უფლებამოსილების განხორციელებით".

გუშინ, 7 ივნისს ტვ პირველის ეთერში მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ ეკლესისითვის ტყის გადაცემა პრობლემად არ მიაჩნია, რადგან დარწმუნებულია, რომ სასულიერო პირები კარგად მიხედავენ.

პალამენტმა საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის შესახებ კანონპროექტი 22 მაისს დაამტკიცა.

 

ცვლილებები შევიდა ტყის კოდექსსა და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში.

პარლამენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს კოდექსში ცვლილებების ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, (არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში) და ასევე, საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები.

მიჩენილ ტერიტორიაში იგულისხმება ტყის ფართობი, რომლის მესაკუთრე არის სახელმწიფო, თუმცა, საერთო მართვის უფლებამოსილება აქვს საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად. შესაბამისად, საკანომდებლო ცვლილების შემდეგ, საპატრიარქოს შეიძლება საკუთრებაში გადაეცეს როგორც ახალი, ასევე აქამდე მიჩენილი ტერიტორიები.

კანონპროექტს არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

TDI კანონის შესაბამისი მუხლების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

საკონსტიტუციოსთვის მიმართვას გეგმავს EMC-ც. ასევე, EMC-ის განცხადებით, აშკარაა, რომ ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან საპატრიარქოს ლოიალობის მოპოვებისა და რელიგიური საკითხების პოლიტიკურად გამოყენების კიდევ ერთი პოპულისტური მცდელობაა და მათ შორის, წინასაარჩევნო კონტექსტი აქვს.

კომენტარები