არჩევნები 2020

კალაძე მაჟორიტარებზე ოპოზიციის შეთანხმებაზე: ყველანი გავერთობით. კინო ახლა იწყება

კახა კალაძე

"ყველანი გავერთობით, კინო ახლა იწყება" - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე ოპოზიციის შეთანხმებას.

"მოლოდინი არის ის, რომ საკმაოდ საინტერესო პროცესები იქნება, ყველანი გავერთობით. კინო ახლა იწყება" - თქვა კალაძემ ინტერპრესნიუსის ცნობით.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციას სურს, რომ საკვანძო ოლქებში საერთო კანდიდატები დააყენონ. ევროპულმა საქართველომ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, გიორგი ვაშაძის ახალმა საქართველომ, რესპუბლიკურმა პარტიამ და გირჩმა ამისთვის მზაობა გამოხატეს. რაც შეეხება ლელოს, პარტიას სურს, რომ ყველა ოლქში საკუთარი კანდიდატით წარდგნენ, თუმცა, ასევე ამბობენ, რომ გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია ურთიერთსარგებლობიდან გამომდინარე.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ თბილისის რვა ოლქიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კანდიდატს მხოლოდ ორში - სამგორის და გლდანის რაიონებში დააყენებს. დანარჩენი ექვსი ოლქი სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა გაინაწილონ. ევროპული საქართველოს გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ 5 ივნისს თქვა, რომ "ჩვენი მყარი და პრინციპული პოზიციაა, ყველაზე გვიან 20 ივნისს, ქართულმა საზოგადოებამ უნდა იხილოს და იცოდეს, ვინ იქნებიან თბილისში შეჯერებული კანდიდატები".

საერთო კანდიდატები მაჟორიტარულ ოლქებში - რა პოზიციები აქვთ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს.

კომენტარები