არჩევნები 2020

კოჟორიძე: რამდენიმე ოლქში შესაძლებელია ოპოზიციასთან ორმხრივად ვითანამშრომლოთ

ტვ პირველი

კახა კოჟორიძის თქმით, ლელოს გადაწყვეტილი აქვს, 30-ვე ოლქში საკუთარი მაჟორიტარობის კანდიდატი ჰყავდეს.

თუმცა, როგორც კოჟორიძე განმარტავს, ლელოში არ გამორიცხავენ, რომ 2020 წლის არჩევნებზე ისინი ოპოზიციასთან ორმხრივად ითანამშრომლებენ და რამდენიმე ოლქში სხვა ოპოზიციონერ მაჟორიტარ კანდიდატს დაუჭერენ მხარს.

"ლელოს გადაწყვეტილი აქვს, რომ 30-ვე ოლქში ჰყავდეს თავისი ძლიერი მაჟორიტარობის კანდიდატი. აქვე, რაღაც საგამონაკლისო წესით შესაძლებელია ურთიერთსასარგებლო შეთანხმების მიღწევა და რიგ საგამონაკლისო წესში, რამდენიმე ოლქში შესაძლებელია ჩვენ ვითანამშრომლოთ, რომ იყოს კანდიდატი, რომელიც მხარდაჭერილი იქნება სხვა ოპოზიციური პარტიებისგან და სამაგიეროდ, ჩვენ დავუჭიროთ მათ კანდიდატს სხვაგან მხარის. ასეთი რაღაც გამორიცხული არაა, მაგრამ ჩვენი მიმართულებაა, რომ ყველგან გვყავდეს ჩვენი პარტიის მაჟორიტარობის ძალიან ძლიერი კანდიდატი", - აბობს კახა კოჟორიძე.

ამავე საკითხზე ოპოზიციური პარტიების ნაწილი თანხმდება და ამბობენ, რომ ივანიშვილის ხელისუფლების მმართველობის დასასრულებლად საჭიროა ოპოზიციურმა სპექტრმა ოლქებში საერთო მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინოს.

დღეს, 4 ივნისს, შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 30 მაჟორიტარული ოლქი ოპოზიციური პარტიების განსაკუთრებულ ერთიანობას მოითხოვს.

ამავე პოზიციას იზირებს ევროპული საქართველოც. მათი განმარტებით, საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმება ოლქების დიდ ნაწილში და, უპირველეს ყოვლისა, თბილისში ოპოზიციის გამარჯვებისთვის საკვანძო ელემენტია.

ასევე დღეს გამართულ ბრიფინგზე ახალი საქართველოს ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს მაჟორიტარების გადანაწილებასთან დაკავშირებით თანამშრომლობისკენ მოუწოდა

პოლიტიკური პარტია გირჩის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ კი, Facebook-ზე დაწერა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარებზე შეთანხმება მნიშვნელოვანია.

კომენტარები