არჩევნები 2020

ნათელაშვილი: 30 მაჟორიტარული ოლქი ოპოზიციური პარტიების განსაკუთრებულ ერთიანობას მოითხოვს

ipress

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის, თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 30 მაჟორიტარული ოლქი ოპოზიციური პარტიების განსაკუთრებულ ერთიანობას მოითხოვს. 

ამის შესახებ ნათელაშვილმა 4 ივნისს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ნათელაშვილის თქმით, დასამალი არ არის, რომ ხშირად ერთ პარტიაშიც კი რთულია კანდიდატის შერჩევა და რთული იქნება 30 პოლიტიკური პარტია შეთანხმდეს საერთო კანდიდატზე მაშინ, როდესაც უმრავლესობას მაჟორიტარულ ოლქებზეც აქვს ინტერესი. 

"თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს უყვართ საქართველო და არა - საკუთარი მდგომარეობა საქართველოში. პოლიტიკა არის კომპრომისების ხელოვნება და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ შევარჩიოთ აბსოლუტურად უმრავლეს ოლქებში საერთო კანდიდატები, რაც ოლიგარქიული რეჟიმის გარანტირებული დამარცხებაა", - თქვა შალვა ნათელაშვილმა. 

ამავე საკითხზე ბრიფინგი დღეს ახალი საქართველოს ლიდერმა, გიორგი ვაშაძემაც, გამართა და ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, მაჟორიტარებთან დაკავშირებით ითანამშრომლონ. 

ევროპული საქართველო ასევე მიიჩნევს, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელია, ოპოზიციურ პარტიებს საკვანძო მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატები ჰყავდეთ. 

კომენტარები