საკონსტიტუციო ცვლილებები

4 ივნისს საზმაუს ეთერში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართება

საქართველოს პარლამენტი
wikipedia.org

დღეს, 4 ივნისს, პირველი არხის პირდაპირ ეთერში კონსტიტუციური კანონის პროექტის პირველი საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართება. სატელევიზიო ეთერი 19:00-ზე დაიწყება.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის გურამ მაჭარაშვილის ინფორმაციით, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, კითხვები დაუსვან საორგანიზაციო კომისიის წევრებს, რომლებიც პასუხს პირდაპირ ეთერში გასცემენ. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ტელემაყურებლებს მათთვის საინტერესო კითხვების გაგზავნა შეეძლებათ პირველი არხის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ან ელექტრონულ მისამართზე: [email protected].

საკონსტიტუციო კომისიის წევრები არიან: პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე (კომისიის თავმჯდომარე), პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაში, პარლამენტის წევრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის წევრი თინათინ ბოკუჩავა, პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი თენგიზ შარმანაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი, კომისიის მდივანი თორნიკე ჭეიშვილი.

საკონსტიტუციო ცვლილებაზე ოპოზიცია და ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად 8 მარტს შეთანხმდა - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით უნდა ჩატარდეს, რაც 120 დეპუტატის პროპორციული, ხოლო 30-ის - მაჟორიტარული სისტემით არჩევას ითვალისწინებს. იმისთვის, რომ ოპოზიციამ კანონპროექტს მხარი დაუჭიროს, ხელისუფლებამ კიდევ ერთი პირობა უნდა შეასრულოს - გაათავისუფლოს პოლიტპატიმარი გიორგი რურუა, რასაც უცხოელი პარტნიორებიც ითხოვენ.

კომენტარები