არჩევნები 2020

უსუფაშვილი: მზად ვართ, გვქონდეს ოპოზიციასთან კონსულტაციები, თუმცა არა 30-ვე ოლქში

ლელო

პარტია ლელოს ერთერთი ლიდერის, დავით უსუფაშვილის, თქმით, მისი პოლიტიკური გუნდი მზად არის, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ჰქონდეს კონსულტაციები მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით, თუმცა არა 30-ვე ოლქში. 

ამის შესახებ უსუფაშვილმა TV პირველის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლელოს ხედვა და სტრატეგია უცვლელია - ისინი მზად არიან ოპოზიციასთან სუპერინტეგრირებისა და საარჩევნო გარემოსა და საარჩევნო სისტემის საკითხებზე, ასევე მზად არიან ინტეგრირებისთვის ამომრჩეველთა ხმების დაცვის კუთხით. 

"ჩვენ ვართ მზად მაჟორიტარულ ცალკეულ ოლქებში კოორდინირებული, ურთიერთხელსაყრელი შეთანხმებებისთვის, როცა ამის დრო მოვა", - ამბობს უსუფაშვილი. 

უსუფაშვილი ასევე ამბობს, რომ ლელო მზად არის, ჰქონდეთ ურთიერთხელსაყრელი კოორდინაცია ცალკეულ მაჟორიტარულ ოლქებში და ასევე ჰქონდეთ ურთიერთხელსაყრელი პოლიტიკა მეორე ტურებშიც. 

"ჩვენ გვინდა მეორე ტურებში გასვლის დროს მივიღოთ სხვების მხარდაჭერა, სხვასაც ექნება ამის სურვილი", - თქვა უსუფაშვილმა. 

უსუფაშვილის განმარტებით, ლელო თავიდანვე საუბრობდა, რომ ერთიან კანდიდატებთან დაკავშირებით შეიქმნებოდა პრობლემები და მისივე თქმით, ეს პრობლემები უკვე ჩანს. 

"კონკრეტულად ნაციონალური მოძრაობა, მე მგონი, ძალიან მკაფიოდ ამბობს, რომ მე ვარ მთავარი ოპოზიციური ძალა და მე წამოვალ მხოლოდ ისეთ შეთანხმებაზე, რომელიც მე გამხდის მთავარ სახელისუფლო ძალად", - ამბობს უსუფაშვილი. 

კითხვაზე, რატომ გამოიტანა ასეთი აზრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერების განცხადებებიდან, უსუფაშვილი პასუხობს, რომ ის "პატარა ბავშვი" აღარ არის, რომ ვერ ხვდებოდეს, რას ნიშნავს იმის აღნიშვნა "მე ვარ მთავარი ოპოზიციური ძალა". პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე თვლის, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის ის ფორმულა იქნება მისაღები, რომელიც მას მთავარ სახელისუფლებო ძალად გახდის. 

"ამიტომ ლელო ვისახავთ პრაგმატულ ამოცანებს, შეთანხმებისთვის მზად ვართ, მაგრამ საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე სვლა შეუძლებლად მიგვაჩნია...

[...] მზად ვართ, გვქონდეს კონსულტაციები, მაგრამ რეალისტური. არა ის, რომ 30-ვეს გავანაწილებთ ჩვენ ისე, რომ ლელოს 3, იმას ერთი, ამას 4 და ამით ამომრჩეველსაც დავაბნევთ იმიტომ, რომ თურმე, სამი ოლქის გარდა დანარჩენ ოლქებში ლელომ უნდა უთხრას თავის ამომრჩეველს, რომ ამ ოლქში ხმა მიეცი იმ ნომერს, ამაში იმ ნომერს", - ამბობს უსუფაშვილი. 

ოპოზიციურმა პარტიებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, შესაძლოა, რიგ საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარი დეპუტატობის საერთო კანდიდატები წარადგინონ.

8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა, რომელიც პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარდა, საარჩევნო სისტემის ცვლილებასაც მოიცავდა. ცვლილების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პრინციპით უნდა ჩატარდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ 150 დეპუტატიდან 120 დეპუტატი პროპორციული სიით აირჩევა, ხოლო 30 - მაჟორიტარული წესით. 

კომენტარები