არჩევნები 2020

ნოდია: პირველივე ტურში კანდიდატებზე შეთანხმება თანამშრომლობის უფრო მაღალ დონეს გულისხმობს

გია ნოდია
ტაბულა

პოლიტიკური მიმომხილველი გია ნოდია დადებითად აფასებს იმის ალბათობას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციურმა პარტიებმა საკვანძო მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატები გადაინაწილონ და ოპოზიციურ კანდიდატებს, მინიმუმ, კონკურენტი კანდიდატი არ დაუყენონ. 

ეს სტრატეგია ოპოზიციურ პარტიებს შორის უკვე რამდენიმე თვეა, რაც მუშავდება. უფრო კონკრეტულად კი მას შემდეგ, რაც 8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ისტორიული შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება. ეს პროპორცია 120 დეპუტატის პროპორციული სიით არჩევას გულისხმობს, 30-ის კი - მაჟორიტარული პრინციპით. 

გია ნოდია ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი და კარგი იქნება, რადგან ეს "პოლიტიკური პარტიების ერთგვარ სიმტკიცეს" აჩვენებს, რომ მათ, მიუხედავად განსხვავებებისა, კონკრეტულ საკითხზე შეთანხმება შეუძლიათ. 

"გარდა ამისა, ეს მნიშვნელოვანია სამომავლოდაც იმიტომ, რომ თუ უშუალო მიზანი არჩევნებში ქართული ოცნების დამარცხებაა, გასაგებია, რომ პერსპექტივა იმისა, რომ ერთი პარტია შეძლებს უმრავლესობით მოსვლას, არ არის. ამას ყველა აღიარებს. ეს ნიშნავს, რომ მიზანი უნდა იყოს კოალიციური მთავრობის შექმნა. ოპოზიციის გამარჯვება ნიშნავს კოალიციური მთავრობის შექმნას", - ამბობს ნოდია. 

პოლიტიკური მიმომხილველის შეფასებით, იმისათვის, რომ გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიციურმა პარტიებმა კოალიციური მთავრობის შექმნა მოახერხონ, მათ თანამშრომლობა უნდა შეეძლოთ.

"აქედანვე თუ წინასაარჩევნო პერიოდშიც რაღაც ტიპის თანამშრომლობა ისწავლეს, შეძლეს, ეს მეტ ნდობას გაუჩენს ამომრჩეველს, რომ ისინი არჩევნების შემდეგაც შეძლებენ თანამშრომლობას და ასე თუ ისე ეფექტური მთავრობის შექმნას", - ამბობს ნოდია. 

კითხვაზე, რას ფიქრობს ზოგიერთი პარტიის პოზიციაზე, რომ მაჟორიტარებზე კონსოლიდაცია უნდა მოხდეს მეორე ტურში, ხოლო პირველ ტურში პარტიებმა დამოუკიდებლად უნდა დააყენონ კანდიდატები, ნოდია პასუხობს, რომ მნიშვნელოვანი პირველ ტურში კონსოლიდაციაა. 

"თანამშრომლობა პირველივე ტურში თანამშრომლობას ნიშნავს. ისიც კარგია, რომ მეორე ტურში წინასწარ იტყვიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, რომ ისინი მეორე ტურში ერთმანეთს დაუჭერენ მხარს, მაგრამ პირველ ტურში საერთო კანდიდატზე შეთანხმება თანამშრომლობის გაცილებით უფრო მაღალ დონეს გულისხმობს და, შესაბამისად, ღირებულება ამ თანამშრომლობისა უკეთესია არამხოლოდ ტაქტიკური თვალსაზრისით, რომ ერთმანეთს ხელს არ შეუშლიან და ხარჯებს დაზოგავენ, არამედ იმიტომაც, რომ აჩვენებენ თანამშრომლობის უფრო მაღალ ნებას, რაც შემდეგ გამოდგება პოლიტიკურ კაპიტალად ამომრჩევლის დასარწმუნებლად, რომ ოპოზიცია სერიოზული ძალაა და შემდეგ გააადვილებს კოალიციური მთავრობის შექმნას", - ამბობს გია ნოდია. 

კომენტარები