ტურიზმი

თურნავა: EU-ს ელჩებისგან დავინახეთ დიდი სურვილი, მალე აღდგეს პირდაპირი ფრენები და ტურიზმი

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ნათია თურნავამ ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან ვიდეო კონფერენცია გამართა, რომელიც საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის ინიციატივით მოეწყო.

მათივე ცნობით, ონლაინ კონფერენციაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის 20 სახელმწიფოს ელჩები, აგრეთვე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და გენადი არველაძე.

მინისტრის თქმით, ევროკავშირის ელჩებს ქვეყნის ეკონომიკური სტატეგია და სამომავლო გეგმები გააცნო. 

მინისტრი ამბობს, რომ საქართველოში აკრედიტებული ელჩები ქვეყანაში ტურიზმის გახსნით დაინტერესდნენ. მისივე თქმით, ქვეყანა მზადაა ევროკავშირიდან ჩამოსულ სტუმრებს, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით, პირველი ივლისიდან უმასპინძლოს.

"ევროკავშირის ელჩებისგან ასევე მოვისმინეთ ინფორმაცია მათი ქვეყნების მზადყოფნის შესახებ და მათი მხრიდან დავინახეთ ძალიან დიდი სურვილი, რაც შეიძლება მალე აღდგეს პირდაპირი ფრენები, კავშირები ჩვენს საზოგადოებებს შორის, მათ შორის, განახლდეს თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში",- ამბობს თურნავა. 

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველო 15 ივნისიდან ადგილობრივი ტურიზმისთვის, ხოლო პირველი ივლისიდან უცხოელი ტურისტებისთვის გაიხსნება.

"პირველი ივლისიდან საქართველო იქნება მზად, რომ მიიღოს უცხოელი ტურისტები. ამას გავაკეთებთ ჩვენ, როგორც სახმელეთო საზღვრებზე უსაფრთხო კორიდორების შეკვრით ჩვენს მეზობლებთან, ასევე გავაკეთებთ უსაფრთხო კორიდორების შექმნის შესაძლებლობით ორმხირივ მოლაპარაკების თვალსაზრისით ტურისტულად ჩვენთვის საინტერესო ქვეყნებიდან", - თქვა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ. 

კომენტარები