საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

მიტროპოლიტი იაკობი: ჯალალედინი რომ მოვიდეს, ეკლესია იქნება ცუდი და მას დაუჭერთ მხარს

მეუფე იაკობი

ბოდბელი ეპისკოპოსის იაკობის თქმით, ის ადამიანები, რომლებიც ეკლესიას აკრიტიკებენ, მზად არიან, ეკლესიის წინააღმდეგ მხარი ჯალალედინსაც დაუჭირონ.

მღვდელმთავარმა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის ანტონის ანტიდასავლური და ჰომოფობიური განცხადებები შეაფასა და "ემოციურობით" ახსნა:

"ევროპაზე არ უთქვამს მაგას, სულ სხვა რამე თქვა, ემოციურად გამოვიდა, შეხედა, ამდენი ხანი ეკლესიაშია კაცი, ხო და კარგი უნდა ქვეყნისთვის. გამოდხართ და სულ ეკლესიის გინებაში ხართ. ჯერ ციანიდზე გიხაროდათ, რა გიხაროდათ, ჩემთვის გაუგებარია. ოღონდ ჩვენი მხარე არ დაიჭიროთ და ნებისმიერს დაუჭერთ მხარს, ჯალალედინი რომ მოვიდეს, ჩვენ ვიქნებით ცუდი და ჯალალედინს დაუჭერთ მხარს, ისე იქცევით ხოლმე", - თქვა ეპისკოპოსმა.

მიტროპოლიტმა ანტონმა ანტიდასავლური განცხადებები 25 მაისს, ამბიონიდან გააკეთა:

"თვალი ხო არ გავახილოთ, თუ ეს არის ევროპის ფასეულობა - ეკლესიის სიძულვილი, ტრადიციების, ოჯახის სიწმინდის უგულებელყოფა, ჩვენ არ გვინდა ასეთი ევროპა.

მე სერიოზულად ვფიქრობ, ალბათ სინოდში დავსვამ ამ საკითხს, რომ ხელახალი რეფერენდუმი ხო არ მოვიწვიოთ და ხელახლა ხომ არ ვკითხოთ ჩვენს ხალხს, გვინდა თუ არა ასეთი ევროპა", - თქვა მან.

მიტროპოლიტმა ანტონმა არასამთავრობო ორგანიზაციები იგულისხმა, უმეტესად კი ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი TDI, რომელმაც 2010-2019 წლებში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის პრობლემატიკა და ტენდენციები შეისწავლა. ანგარიშში საპატრიარქოს ქონებაზეც იყო საუბარი და ხაზგასმული იყო,რომ საქართველოს საპატრიარქომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში დაახლოებით 276,5 მილიონი ლარი მიიღო. საქართველოს თვითმმართველი თემები და ქალაქები ასევე გადასცემენ საქართველოს საპატრიარქოს მატერიალურ სიკეთეს (ყოველწლიურად, დაახლოებით ოთხიდან ხუთ მილიონამდე ლარს). საპატრიარქოს წარმომადგენლების მხრიდან მათი კრიტიკა სწორედ ამან გამოიწვია.

კომენტარები