ჰონგ-კონგი

ჩინეთი: ჰონგ-კონგის ახალ კანონპროექტებს უფლებებსა და თავისუფლებებზე გავლენა არ ექნება

ჰონგ-კონგი. 2019 წელი.
Vox

24 მაისს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ, ჩინეთის მიერ ჰონგ-კონგის ახალი ეროვნული უსაფრთხოების კანონპროეტების შესახებ განაცხადა, რომ ისინი ქალაქის მაღალი ხარისხის ავტონომიაზე, ჰოგ-კონგში მცხოვრებლების უფლებებსა და თავისუფლებებზე და ინვესტორთა ინტერესზე გავლენას არ იქონიებს. 

მან თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება მიმართულია იმ მოქმედებების მიმართ, რომლებიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებას. მისივე განცხადებით, ჰონგ-კონგის საკითხი ჩინეთის შიდა საქმეა და საგარეო ჩარევას არ აიტანს.

ვანგ იმ ხალხს უთხრა, რომ მათ დარდის ნაცვლად მეტად უნდა სჯეროდეთ ჰონგ-კონგის მომავალი სტაბილურობის.

პეკინის საპირისპიროდ, დემოკრატიის მომხრე კანონმდებლები ამბობენ, რომ ეს "ჰონგ-კონგის სიკვდილი იქნება".

24 მაისს ჰონგ-კონგში ჩინეთის ახალი კანონპროექტების საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმმა მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ჰონგ-კონგში ხელისუფლების სათავეში პეკინის მომხრე უმრავლესობაა.

ჩინეთი ჰონგ-კონგის ახალი კანონებით აკრძალავს სეცესიას, ნებისმიერ საგარეო ჩარევას, ტერორიზმს და ყველა ქმედებას, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების დამხობისკენ იქნება მიმართული. პეკინს ახალი კანონებით ჰონგ-კონგში უსაფრთხოების სააგენტოების დაარსება შეეძლება. ამ ყველაფრით კი ჰონგ-კონგს, რომელსაც, 1997 წლის "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" შეთანხმებით, ავტონომია გარანტირებული უნდა ჰქონდეს, საფრთხე ემუქრება. ჩინეთის ეს ქმედება იქნება პასუხი გასულ წელს ჰონგ-კონგის მასშტაბურ პროდემოკრატიულ აქციებზე ჰონგ-კონგის თავისუფლებისთვის და პეკინის გაზრდილი წნეხის საწინააღმდეგოდ.

საგულისხმოა, რომ გასული წლის ჰონგ-კონგის საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, სექტემბერში ჰონგ-კონგში ჩინეთის ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმია შევიდა და მათი თქმით, ჯარის სტანდარტული როტაცია განახორციელეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ეროვნული უსაფრთხოების კანონის, ე.წ. 23-ე მუხლის, მიღება ჰონგ-კონგის მთავრობამ ერთხელ 2003 წელს სცადა, თუმცა მასობრივი მშვიდობიანი პროტესტის შედეგად ეს მცდელობა ჩავარდა.

ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს მძლავრი რეაქცია ექნება, თუ ჩინეთი თავის გეგმას მიჰყვება და ჰონგ-კონგის ახალ ეროვნული უსაფრთხოების კანონებს მიიღებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანის, მაიკ პომპეოს, განცხადებით, ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ, გავლენას იქონიებს ტერიტორიის სპეციალურ ეკონომიკურ სტატუსზე.

რესპუბლიკელმა და დემოკრატმა სენატორებმა თქვეს, რომ ჰონგ-კონგის ავტონომიის შელახვის შემთხვევაში, ჩინელ მაღალჩინოსნებს ამერიკული სანქციები ემუქრებათ.

ჩინეთის ნაბიჯს ჰონგ-კონგზე ათეულოებით დასავლური დემოკრატია გმობს.

ჰონგ-კონგის ყოფილმა მმართველმა, კრის პატენმა, განაცხადა, რომ ჩინეთმა ჰონგ-კონგს უღალატა.

"ჩვენ აღარ უნდა დავრჩეთ გასულელებულები, რომ ქედის მოხრისთვის თითქოს დიდი ოქროს ქვაბი გველოდება. ეს ყოველთვის ილუზია იყო," - განაცხადა მან ჩინეთზე საუბრისას.

------------

შეგახსენებთ, რომ ჰონგ-კონგის ფართომასშტაბიანი პროდემოკრატიული აქციები გასული წლის ივნისში დაიწყო. მილიონობით მომიტინგე ჩინეთის წნეხისგან გათავისუფლებას და მეტ თავისუფლებას ითხოვს. აქციები არაერთხელ ძალადობრივად დაარბიეს.

1997 წელს ბრიტანეთმა ტერიტორია ჩინეთს გადასცა "ერთი ქვეყნა, ორი სისტემის" პირობებით - ე.წ. ძირითადი კანონი, მინი კონსტიტუცია ჰონგ-კონგს განსაკუთრებულ ავტონომიას ანიჭებს, რაც კონტინენტური ჩინეთის კომუნისტური წყობისგან გამოხატვის თავისუფლებით, შეკრების თავისუფლებით, თავისუფალი მედიითა და დამოუკიდებელი სასამართლოთითაც განსხვავდება. ჰონგ-კონგს ასევე აქვს საკუთარი ეკონომიკური სისტემის მოდელი და ვალუტა. პეკინი კი მის საგარეო ურთიერთობებს, თავდაცვასა და ვიზის საკითხებს აკონტროლებს. ჰონგ-კონგის ძირითად კანონს ვადა 2047 წელს გადის.

აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავს მოდელს პეკინი უკვე წლებია სთავაზობს ტაივანს - დე-ფაქტო სახელმწიფოს, რომელსაც პეკინი მის პროვინციად თვლის. ტაივანში ეს მოდელი არასდროს ყოფილა პოპულარული, მისი არაეფექტურობა ჰონგ-კონგის აქციების შემდეგ ნათლად გამოჩნდა. ჰონგ-კონგში მიმდინარე ამბებმა გავლენა მოახდინა ტაივანის არჩევნებზე და პრეზიდენტად პრო-პეკინელი კანდიდატის საწინააღმდეგოდ, ცაი ინგ-ვენს დაუჭირეს მხარი.

პეკინი ქალაქის მმართველობასა და მიმდინარე პროცესებზე გავლენას უარყოფს და "არეულობას" დასავლეთის ჩარევას აბრალებს. ამჟამად ჰონგ-კონგის საკანონმდებლო სისტემას პეკინის მომხრე უმრავლესობა აკონტროლებს. მომავალი არჩევნები სექტემბერში გაიმართება და შესაძლოა, პროდემოკრატიულმა კანდიდატებმა გასული წლის ადგილობრივი არჩევნების მსგავსად, ამ არჩევნებზეც გაიმარჯვონ.

გასული წლის დეკემბერში ტრამპმა ხელი მოაწერა ჰონგ-კონგის ადამიანთა უფლებებისა და დემოკრატიის კანონპროექტს.

კანონი იძლევა საშუალებას, ყოველწლიურად შემოწმდეს, თუ რამდენად შეესაბამება ჰონგ-კონგის ავტონომია აშშ-სთვის მის სპეციალურ სტატუსს. ამ სტატუსის ფარგლებში ამჟამად ჰონგ-კონგს აშშ-ის მიერ ჩინეთისათვის დაწესებული სანქციები არ ეხება. კანონის ფარგლებში პროტესტის დროს დაკავებულებს აშშ ვიზის მიღების საშუალებას მისცემს. კანონით შესაძლებელი იქნება ჰონგ-კონგისა და კონტინენტური ჩინეთის იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც ჰონგ-კონგში ძირითად თავისუფლებებს ზღუდავენ, შეზღუდვები დააწესონ - მათი ანგარიშები გაყინონ, აშშ-ში შესვლა აუკრძალონ და სხვა.

გარდა ამისა ტრამპმა ხელი მოაწერა მეორე კანონსაც, რომელიც ჰონგ-კონგის პოლიციისათვის მიტინგების კონტროლის იარაღის მიყიდვას კრძალავს, მათ შორის ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების.

ამჟამად, ჩინეთისა და აშშ-ის ურთიერთობები ათწლეულების განმავლობაში ყველაზე გაუარესებულია და არამხოლოდ ახალი კორონავირუსის გავრცელების, არამედ ჰონგ-კონგის, ტაივანის, სამხრეთ ჩინეთის ზღვის, სინძიანგის საკონცენტრაციო ბანაკების საკითხის გამო. ასევე, აშშ ჩინეთს უსამართლო ვაჭრობაში, ტექნოლოგიურ მანიპულაციაში ადანაშაულებს.

კომენტარები