გიორგი გახარია

გახარია: ორ ფრონტზე ვიბრძოდით, გუშინ ახალი ფრონტი გაგვეხსნა პოლიტიკური მასკარადის სახით

საქართველოს მთავრობა

გიორგი გახარია ოპოზიციის კრიტიკას საპარლამენტო კონტროლის მოხსნის შესახებ პოლიტიკურ მასკარადს უწოდებს.

საქმე კანონპროექტს ეხება, რომელიც მთავრობას საშუალებას მისცემს, უფლებრივი შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის მიღმა, ინსტიტუციური ზედამხედველობის გარეშე დააწესოს. კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, ვინაიდან საგანგებო მდგომარეობა დღეს, 22 მაისს სრულდება.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გახარიამ თქვა:

"ზუსტად 2 თვის შემდეგ შეგვიძლია, გადავდგათ ნაბიჯი საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მიმართულებით. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის და საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ პანდემია დამარცხებულია.

ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ პანდემიის დროს მოგვიწევს 2 მიმართულებით ბრძოლა - პირველ რიგში, ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის და შემდგომ, ჩვენი ეკონომიკის აღორძინება. ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვას ჩვენ გავართვით თავი და ეს ამ საბჭოს დიდი დამსახურებაა [...]. ახლა ვიბრძვით ეკონომიკის სწრაფი აღორძინების მიმართულებით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან უკიდურესად არის დაკავშირებული.

და გუშინ აღმოვაჩინეთ, რომ გაგვეხსნა ახალი ფრონტი, პოლიტიკური ფრონტი, პოლიტიკური მასკარადის სახით, რომელმაც რისკის ქვეშ დააყენა და შეიძლება დააყენოს ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ყველა ეტაპზე პრიორიტეტი იქნება ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე".

21 მაისს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც მთავრობას ანიჭებს უფლებამოსილებას, საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვები დააწესოს. ოპოზიციას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

კენჭისყრის წინ ირაკლი კობახიძე გამოვიდა ინიციატივით, ის ნორმები, რაზეც პარლამენტმა დღეს იმსჯელა, გარდამავალ დებულებებში დროებით ნორმებად ჩაიწეროს.

"სავარაუდო თარიღად გთავაზობთ ივლისის რომელიმე რიცხვს. დღეს გავიაროთ კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით, მათ შორის მთავრობასთანაც. იმის მიხედვით, როგორი იქნება საჭიროება, შევთანხმდეთ ივლისის თვის რომელიმე რიცხვზე. გთავაზობთ, ამ დათქმით ვუყაროთ კენჭი ცვლილებებს", - თქვა კობახიძემ.

მთელი დღის განმავლობაში გარდამავალ დებულებებზე საუბარი არ ყოფილა. რამდენიმე წუთით ადრე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ არსებულ ვითარებაში მხოლოდ სამი ვარიანტი არსებობს: საგანგებო მდგომარეობის დატოვება, ვირუსის მიშვება ან ამ კანონის მიღება. მან ოპოზიციას ამ სამიდან ერთის ამოსარჩევად ხვალამდე ვადაც კი მისცა.

კანონპროექტი ითვალისწინებს საკარანტინო ღონისძიებების ახლებურად განსაზღვრებას და მოიცავს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.


კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, მიზეზად კი ახალ კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს ასახელებს.

ოპოზიცია, სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ კანონპროექტი არაკონსტიტუციურია, ამასთან, ზრდის მთავრობის მიერ უფლებების არაპროპორციულად შეზღუდვის რისკებს და რომ გათვალისწინებული ჯარიმები და სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობის ზომები არაპროპორციული, რეპრესიული და ადამიანის უფლებებისთვის საფრთხის შემცველია

საქართველოში 21 მარტიდან დაწესებული საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით მოქმედებს. 23 მაისიდან ის მოიხსნება, კომენდანტის საათთან ერთად. მთავრობას სურს, სხვა შეზღუდვები, რომელიც ტრანსპორტის აკრძალვას, გაადგილებას და ბიზნესის მუშაობას ეხება, ძალაში დატოვოს.

ვის რა პოზიცია აქვს კანონპროექტზე, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები