ახალი კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა, ჟანგბადის საჭიროებაც მოიხსნა

რადიო თავისუფლება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ცნობით, კლინიკაში მყოფი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა, ამ ეტაპზე, სტაბილურია და დამატებით ჟანგბადის მიწოდების საჭიროებაც მოიხსნა. ეზუგბაიას განმარტებით, თუ სიტუაცია ასე გაგრძელდება, მალე პაციენტის გაწერაზეც შეიძლება საუბარი.

ინფექციურ საავადმყოფოში კვლავ რჩება 2 პაციენტი მძიმე პნევმონიით, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჯერჯერობით, სტაბილური არაა.

მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ინფექციურ სავადმყოფოს კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი არ მიუღია. ამ დროის მონაცემებით კლინიკაში 40 პაციენტი მკურნალობს, მათგან 35-ს აქვს დადასტურებული COVID 19, ხოლო დანარჩენი 5 შესაძლო შემთხვევაა, რომელიც კვლევაშია და დღის განმავლობაში გახდება ცნობილი ვირუსულ ინფექციაზე მათი პასუხები.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ცნობით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი კოვიდ ინფექციის 2 ახალი შემთვევიდან ერთი თეთრი წყაროს დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ხოლო მეორე საკარანტინე სივრციდანაა.

კოვიდ ცენტრებში, მარინა ეზუგბაიას ინფრომაციით, 216 პაციენტი მკურნალობს. ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 10 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

ქვეყანაში სულ COVID 19-ის 723 შემთხვევა დადასტურდა, აქედან გამოჯანმრთელდა 495, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.

კომენტარები