საარჩევნო შეთანხმება

ბოკერია: არჩევნებით ირკვევა, ვისია ძალაუფლება და არა სისხლისღვრით, ამისკენ უნდა წავიდეთ

ევროპული საქართველო

"ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, გიორგი რურუას გათავისუფლება ქვეყნის ინტერესებში შედის, რათა განიმუხტოს შექმნილი ვითარება.

"ეს შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესში. ბევრნაირი გზა არსებობს - როგორ შეიძლება გიორგი რურუას გათავისუფლება და მათი არჩევანია, რიტორიკაც როგორიც გინდათ, ისეთი ჰქონდეთ, ნუ დაარქმევენ პოლიტპატიმარს, ვიცი, რომ არ აღიარებენ ამას, ოღონდ განიმუხტოს ვითარება", - თქვა მან.

ბოკერიას თქმით, აუცილებელია, რომ არჩევნები არ იყოს გათანაბრებული პოლიტიკურ და სამოქალაქო ომთან, რადგან სწორედ ამ გზით უნდა გადაწყდეს, ვის ექნება ძალაუფლება.

"ეს არის ქვეყნის ინტერესებში და ამ ქვეყანაში ეგენიც [ქართული ოცნება] ცხოვრობენ, მერე ჰო ამ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ ყველამ? ჰო ყველას ინტერესია, რომ არჩევნები არ იყოს სამოქალაქო და პოლიტიკურ ომთან გათანაბრებული, რასაც ოცნება აკეთებს. ხო გახსოვთ განცხადებები [საპრეზიდენტო არჩევნებზე] მეორე ტურის წინ, თუ წავაგეთ სამოქალაქო ომი იქნებაო. ეგ არის კატასტროფა, ცივილიზაციამ მოიტანა ის, რომ არჩევნებით ირკვევა ვის აქვს ძალაუფლება და არა სისხლისღვრით და ამისკენ უნდა წავიდეთ.

2020 წლის 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის ხელი მოწერა შეთანხმებას, რომელიც ორნაწილიანია და ერთი მხრივ, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, მეორე მხრივ კი საარჩევნო სისტემის შეცვლასა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების 120/30-ზე განაწილებას გულისხმობს.

შეთანხმების მიხედვით, უნდა გათავისუფლებულიყვნენ გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი და გიორგი რურუა. ოქრუაშვილი და უგულავა 15 მაისს სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა, თუმცა, 18 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ შეცვალა გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიება და ის პატიმრობაში დატოვა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ 8 მარტის შეთანხმება სრულად არ შესრულდება, საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარს არ დაუჭერს.

კომენტარები