ავღანეთი

თალიბანმა ავღანეთის ღაზნის პროვინციაში სადაზვერვო სააგენტოს შენობასთან აფეთქება მოაწყო

Reuters

თალიბანმა ავღანეთის ღაზნის პროვინციაში ავღანეთის სადაზვერვო სააგენტოს შენობასთან აფეთქება მოაწყო. დაიღუპა 7 ადამიანი, დაშავდა 40. შენობასთან დანაღმული მანქანა ააფეთქეს.

დაჯგუფებამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო. მიუხედავად თებერვალში აშშ-სა და თალიბანს შორის მიღწეული შეთანხმებისა, დაჯგუფება თავდასხმებს არ წყვეტს, რაც სამშვიდობო მოლაპარაკებების ბედს ეჭვქვეშ აყენებს.

გასულ კვირას ფაქთიის პროვინციაში თალიბანის მიერ მოწყობილ თავდასხმას 5 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, დაიჭრა 40 ადამიანი, მათ შორის 6 ჯარისკაცი.

12 მაისს ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის, ექიმები საზღვრებს გარეშე, საავადმყოფოზე შეიარაღებულ თავდასხმას 14 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვი. თალიბანმა მომხდართან რაიმე კავშირი უარყო.

ამავე დღეს ქვეყნის აღმოსავლეთით, ნანგარჰარის პროვინციაში პოლიციელის დაკრძალვის დროს აფეთქება მოხდა, რასაც 26 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

თავდასხმების პასუხად ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ თქვა, რომ თალიბანის და სხვა დაჯგუფებების წინააღმდეგ ოპერაციების გაგრძელების ბრძანებას გასცემს.

ამის შემდეგ ღანი და მისი მთავარი ოპონენტი აბდულა აბდულა ხელისუფლების გადანაწილებაზე შეთანხმდნენ. შეთანხმების მიხედვით აბდულა აბდულა თალიბანთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს უხელმძღვანელებს.

კომენტარები