აშშ-რუსეთი

რუსეთი აშშ-სგან კორონავირუსთან საბრძოლველად დახმარებას ელოდება

Reuters

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა თქვა, რომ აშშ-სათვის გაგზავნილი დახმარების სანაცვლოდ რუსეთი ამერიკისგან სამედიცინო დახმარებას ელოდება. რიაბკოვის თქმით, კორონავირუსთან საბრძოლველად დახმარება მოსკოვს სჭირდება. მისი თქმით, პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ რუსეთს დაეხმარებოდა, როდესაც სასუნთქი აპარატების წარმოებას დაიწყებდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი რუსეთში ტესტებს და სასუნთქ აპარატებს გაგზავნის.

რუსეთმა აშშ-ს ასევე სასუნთქი აპარატები გაუგზავნა, თუმცა, ამერიკაში ისინი არ გამოუყენებიათ. აღსანიშნავია, რომ რუსეთში წარმოებულ სასუნთქ აპარატებს დეფექტი აღმოაჩნდა და მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის საავადმყოფოებში ხანძრის გაჩენა გამოიწვია. რუსეთმა ამ ტიპის სასუნთქი აპარატები ხმარებიდან ამოიღო.

რუსეთის პრემიერმინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა თქვა, რომ ვირუსის გავრცელების კუთხით ქვეყანაში სიტუაცია უმჯობესდება. თავად მიშუსტინს კორონავირუსი დაუდგინდა. პარალელურად კი პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ ქვეყნის სამხრეთში სიტუაცია მძიმეა, განსაკუთრებით კი, დაღესტანში. იქ ახალი კორონავირუსის 3 460 შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 29 ადამიანი. რუსული მედიის მიხედვით რეალური რიცხვები სავარაუდოდ ბევრად მეტია.

ოფიციალური მონაცემებით რუსეთში ახალი კორონავირუსი სულ 290 678 ადამიანს დაუდასტურდა და ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩება. ბოლო 24 საათში გამოვლინდა ინფიცირების 8 926 შემთხვევა. ვირუსს სულ 2 722 ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა ეს მონაცემები საეჭვოა, რადგან მოსკოვის ჯანდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ კორონავირუსის მქონე პაციენტთა გარდაცვალების შემთხვევების 60% ოფიციალურ სტატისტიკაში არ აისახება, რადგან მათ სხვა დაავადებაც ჰქონდათ.

კომენტარები