საარჩევნო შეთანხმება

უგულავა: შეთანხმება მაშინ შესრულდება, როდესაც რურუა გამოვა და კონსტიტუცია შეიცვლება

გიგი უგულავა
ტაბულა

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, 8 მარტის შეთანხმება სრულად მაშინ იქნება შესრულებული, როდესაც გიორგი რურუას გამოუშვებენ და საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებენ.

"8 მარტის შეთანხმება, როგორც ოპოზიციის, ასევე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, მას შემდეგ იქნება მიჩნეული შესრულებულად, რაც გიორგი რურუა დატოვებს საპატიმროს და შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება მიღებული.

გიორგის მიმართ წარმოებს აბსოლუტურად გამოგონილი და შეთითხნილი საქმე და ეს სიტყვა შეთითხნილი ამერიკის სენატის ბოლო წერილშიც იყო ამ საქმის მიმართ. ეს არის უბრალოდ სამარცხვინო საქმე და ლაქა", - თქვა გიგი უგულავამ

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიება არ შეცვალა და ის კვლავ პატიმრობაში დატოვა.

---

გიორგი რურუა, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, ასევე, მთავარი არხის წილის მფლობელია, 2019 წლის 18 ნოემბერს აქციის დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

მოგვიანებით მის საქმეს კიდევ ერთი მუხლი - სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა დაემატა, რადგან რურუამ სასამართლოს განჩინების მიხედვით, დნმ-ის და თითის ანაბეჭდების ნიმუშების აღებაზე უარი განაცხადა.

რურუა ბრალს არ აღიარებს.

მისი გათავისუფლება 8 მარტის საარჩევნო შეთანხმების ნაწილია, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებასთან ერთად, რომლებიც სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა - ოპოზიცია და საქართველოს დასავლელი პარტნიორები მას პოლიტპატიმრად მიიჩნევენ და მის გათავისუფლებასაც ითხოვენ.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯიმ რიშმა და მისმა მოადგილემ, სენატორმა ჯინ შაჰინმა უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალების შემდეგ განცხადება გაავრცელეს და მიუთითეს, რომ ახლა ელიან "გიორგი რურუას გათავისუფლებას, მედიის მფლობელის, რომელიც დეკემბერში საეჭვო ბრალდებებით დააკავეს".

2020 წლის 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის ხელი მოწერა ხელშეკრულებას, რომელიც ორნაწილიანია და ერთი მხრივ, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, მეორე მხრივ კი საარჩევნო სისტემის შეცვლას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების 120/30-ზე განაწილებას გულისხმობს.

ქართული ოცნება უარყოფდა, რომ შეთანხმების ერთი ნაწილი პოლიტპატიმრებს ეხება, ოპოზიცია კი აცხადებდა, რომ ბოიკოტს გამოუცხადებდა საკონსტიტუციო ცვლილების ნაწილს, პოლიტპატიმრების არგათავისუფლების შემთხვევაში.

დასავლელი პარტნიორების ზეწოლის, არაერთი კრიტიკული განცხადების და მოწოდების შემდეგ, ქართულმა ოცნებამ გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, 15 მაისს სალომე ზურაბიშვილმა ორი მათგანის შეწყალების შესახებ განაცხადა.

თუმცა, ქართულ ოცნებაში მაშინვე განაცხადეს, რომ მათთვის ეს გადაწყვეტილება მიუღებელია და რომ პრეზიდენტს ამ საკითხზე მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

კომენტარები