ავღანეთი

აშრაფ ღანიმ და აბდულა აბდულამ ავღანეთში ხელისუფლების გადანაწილებაზე შეთანხმებას მიაღწიეს

აშრაფ ღანი და აბდულა აბდულა
Reuters

ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ და მისმა მთავარმა ოპონენტმა, აბდულად აბდულამ ხელისუფლების გადანაწილებაზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ინფორმაცია ღანის სპიკერმა დაადასტურა.

შეთანხმების მიხედვით აბდულა აბდულა თალიბანთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს უხელმძღვანელებს და მისი გუნდის წევრები მთავრობაში გარკვეულ ადგილებს დაიკავებენ. ჯერ-ჯერობით უცნობია რომელი სამინისტროები ჩაბარდებათ მათ.

საპრეზიდენტო არჩევნები ავღანეთში 28 სექტემბერს გაიმართა, შედეგები კი ცნობილი 5 თვის შემდეგ გახდა. გამარჯვება კვლავ აშრაფ ღანიმ მოიპოვა. მან ხმათა 50.64% მიიღო, მისმა მთავარმა ოპონენტმა აბდულა აბდულამ კი 39.52%. ღანის ოპონენტები ამბობდნენ, რომ არჩევნები ხარვეზების და ტექნიკური პრობლემების ფონზე წარიმართა და შედეგები გაყალბებული იყო. აფეთქება მოხდა ღანის ინაუგურაციის ცერემონიაზე, მანამდე კი შიიტების შეკრებაზე, რომელსაც აბდულა აბდულა ესწრებოდა.

აბუდულა აბდულა 2014 წლის არჩევნებშიც აშრაფ ღანის მთავარი კონკურენტი იყო. მაშინ ისინი ძალაუფლების გადანაწილებაზე შეთანხმდნენ და საერთო მთავრობა შექმნეს. ღანი პრეზიდენტი გახდა აბდულასთვის კი მთავარი აღმასრულებელი ოფიცრის პოზიცია შეიქმნა.

თავდაპირველად ღანიმ გამოაცხადა, რომ ძალაუფლების გაზიარების შეთანხმებას აღარ დათანხმდებოდა, აბდულა აბდულამ კი თქვა, რომ დარღვევებით წარმართული არჩევნების შედეგებს არ აღიარებდა. აშშ-მა და სხვა პარტნიორებმა მათ თანამშრომლობისაკენ მოუწოდეს. მარტში მხარეებს შორის შუამავლობისათვის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჩავიდა. აშშ ავღანეთის მთავრობას დაემუქრა, რომ თუ შეთანხმება არ შედგებოდა 1 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების დახმარებას ვეღარ მიიღებდნენ.

კომენტარები