საარჩევნო შეთანხმება

გოცირიძე: დაუდგა ივანიშვილს განკითხვის ჟამი, მოვა დრო, მის მიმართ სანქციებსაც მოვესწრებით

ტაბულა

ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე ამბობს, რომ ამერიკელი სენატორის განცხადება შეთანხმების შესრულებასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე ნიშანია, რომ შესაძლოა, ქვეყანას ის ფინანასური და სასურსათო დახმარებები შეუჩერდეს, რაც პარტნიორი ქვეყნების მიერ იქნა გამოყოფილი და რის ასახვასაც მთავრობა ბიუჯეტში აპირებს.

გოცირიძე სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ჯიმ რიშის, განცხადებას გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, ეს ნიშნავს, რომ აშშ-ის მხრიდან დამოკიდებულება არ იქნება ისეთი, როგორიც მანამდე იყო.

"მილიარდები გინდოდეს დასავლეთისაგან და არ სცემდე პატივს დასავლურ დემოკრატიას, თამაშის პატიოსან წესებს, გამუდმებით ატყუებდე პარტნიორებს - ასე დიდხანს რომ ვერ გაგრძელდებოდა, ნათელი იყო. ხოდა დაუდგა ივანიშვილს განკითხვის ჟამი. მოვა დრო, მის მიმართ პერსონალური სანქციების მომსწრენიც გავხდებით.

პოლიტპატიმრების ყოლის დადასტურება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ნატოსა და სხვა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციის საკითხს. საკუთარი ძალაუფლების მანიაკალური შენარჩუნების სურვილით, ივანიშვილი აზაინებს ქვეყნის საერთაშორისო ინტერესებსაც", - თქვა გოცირიძემ.

8 მარტს ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება ორნაწილიანია და გულისხმობს, ერთის მხრივ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების 120/30-ზე პროპორციით განაწილებას, ასევე, პოლიტიკური პატიმრების განაწილებას. ამას აშშ-ის და ევროკავშირის წარმომადგენლებიც ადასტურებენ, რომლებიც შეთანხმების მიღწევის მედიატორები იყვნენ.

თუმცა, ქართული ოცნება კვლავ უგულებელყოფს დასავლელი პარტნიორების მოწოდებას, შეასრულოს 2020 წლის 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასთან ხელმოწერილი შეთანხმება და გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები. მმართველი პარტია მსგავსი შეთანხმების არსებობას საერთოდ უარყოფს.

კომენტარები