საარჩევნო შეთანხმება

ბოკერია: სტრატეგიული პარტნიორები პოზიციას არ შეცვლიან, 8 მარტის შეთანხმება იყო ორნაწილიანი

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ბუნებრივია, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები, რომლებიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკურ დიალოგს ესწრებოდნენ, თავიანთ პოზიციას არ შეცვლიან. ბოკერია ფასილიტატორების განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველამ იცის - 8 მარტის შეთანხმება იყო ორნაწილიანი და ეხებოდა როგორც საარჩევნო სისტემას, ისე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

"საქართველოს, და არა რომელიმე ხელისუფლების, სტრატეგიული პარტნიორები, მეგობრები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნენ, აშშ, ევროკავშირი, გერმანია, ევროსაბჭოს წარმომადგენლები, ისინი თავის პოზიციას არ შეცვლიან, და იმას, რაც ყველამ იცის ისედაც. რომ ეს შეთანხმება იყო ორნაწილიანი, ეხებოდა როგორც საარჩევნო სისტემას, ისე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

ტექსტიც, დიპლომატიურ ენაზე შედგენილი, რომელსაც ყველამ მოაწერა ხელი პატრიოტთა ალიანსის გარდა, იყო სწორედ იმაზე, რომ ყველა იმ საქმეზე, წარსულში თუ მომავალში, სადაც შეიძლება იყოს მყარი შთაბეჭდილება, ამ შემთხვევაში, რომელიმე მხარის შთაბეჭდილება ანუ ოპოზიციის, რომ პოლიტიკურ ჩარევას ან პოლიტიკურ მოტივს აქვს ადგილი სასამართლო სისტემაში, უნდა დასრულდეს და პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ. ეს არის ორჯერ ორი ოთხი. ასე ესმის ყველას" - ამბობს ბოკერია.

ევროპული საქართველოს ლიდერის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა უნდა გააკეთოს საბოლოო არჩევანი.

"ან საკუთარ საზოგადოებას მიაყენოს შეურაცყოფა, საქართველოს ყველა სტრატეგიულ პარტნიორს, ყველას გაუგზავნოს სიგნალი, როგორ სახიფათო გზაზე აყენებს ქვეყანას, ამით დააზიანებს ქვეყანას, ოღონდ თვითონ ვერ გადარჩება.

ან შეასრულოს ეს შეთანხმება, ამჯერად გონი ეყოს, რომ ქვეყანა აღარ დააზიანოს უფრო მეტად, საკუთარი პოლიტიკური ბედი არ ჩააგდოს დიდი ხიფათის ქვეშ და მერე შეეგუოს არჩევნებში მარცხს" - ამბობს გიგა ბოკერია.

საქართველოში პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორების ერთობლივი განცხადებით, 8 მარტის შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგება - ერთი საარჩევნო სისტემას ეხება, მეორე კი  სასამართლო სისტემაში შესაძლო პოლიტიკურ ჩარევაზე რეაგირებას. 

"შეთანხმების წარმატებული განხორციელებისთვის მოვუწოდებთ ყველა მხარეს მისი ორივე შემადგენლის სულისკვეთება გაიზიარონ" - ნათქვამია განცხადებაში.

საელჩოებმა განცხადება მას შემდეგ გაავრცელეს, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება, ვინაიდან, მისი თქმით, 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელმოწერილი შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას არ ითვალისწინებს, ოპოზიცია კი სწორედ ამაზე აკეთებს აქცენტს. თალაკვაძემ დიპლომატებს მიმართა, განმარტონ შეთანხმების შინაარსი.

ქართული ოცნება აცხადებს, რომ დოკუმენტი, რომელიც 2020 წლის 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გაფორმდა, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხს არ მოიაზრებს.

იგივე გაიმეორეს ირაკლი კობახიძემ, კახა კალაძემ და გიორგი გახარიამ.

შეთანხმების გაფორმების დღიდან ოპოზიცია აცხადებს, რომ ის ორეტაპიანია და გულისხმობს როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების 120/30-ზე განაწილების უზრუნველყოფას, ასევე, პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას. ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან, შეთანხმება ჩაშლილად გამოცხადდება.

ის, რომ ამერიკის ელჩის რეზიდენციაში, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრაზე, კონკრეტულ პოლიტპატიმრებზე ისაუბრეს, მედიასთან დაადასტურა პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმაც - კონკრეტულ გვარებსა და გათავისუფლების მექანიზმებზეც. პოლიტპატიმრების შესახებ მემორანდუმს პატრიოტთა ალიანსმა ხელი არ მოაწერა.

საქართველოს პარტნიორი ქვეყნები ხელისუფლებას უგულავას, რურუასა და ოქრუაშვილის საქმეებზე მითითებით, შეთანხმების სრულყოფილად შესრულებისკენ მოუწოდებენ. რას ამბობდნენ ისინი ამ კვირების განმავლობაში, წაიკითხეთ აქ.

შეთანხმება რამდენიმეთვიანი დაძაბული პროცესის, საპროტესტო აქციების და პოლიტიკური დევნის ფონზე, პარტნიორი ქვეყნების მიერ ორგანიზებული მოლაპარაკებების შემდეგ გაფორმდა. ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2019 წლის 14 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო. ამით მმართველმა გუნდმა 2019 წლის 24 ივნისს ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შეასრულა, რომელიც, პარტიის თავმჯდომარემ, თავის მხრივ, 20 ივნისის ანტირუსული აქციის ძალადობრივად დაშლის და გამწვავებული პროტესტის შემდეგ გასცა.

კომენტარები