საარჩევნო შეთანხმება

გახარია: ვერც წარმომიდგენია, ვინმეს [პოლიტპატიმრების] საკითხის განხილვა თავის თავზე აეღო

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთვის წარმოუდგენელია, პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლების საკითხი ხელისუფლების და ოპოზიციის შეთანხმების საგანი ყოფლიყო მაშინ, როცა "გადაწყვეტილებები დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა მიიღეს". 

როგორც გახარია ამბობს, ამ ქვეყანაში ყველაზე დიდ პატივს ინსტიტუტებს სცემს. პრემიერი მიიჩნევს, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა სწორედ ამ ინსტიტუტების შეურაცხყოფა იქნებოდა.

"ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს და კონკრეტული მსჯავრდებულების შესახებ კონკრეტული სასამართლო პროცესები, რომლებიც არის დასრულებული - ქვეყნის დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა გადაწყვეტილებები მიიღეს და ამის შემდგომ ვიღაცა ამბობს, რომ ამ ადამიანების გამოშვება შეიძლება გახდეს პოლიტიკურ პროცესზე ზემოქმედების საგანი. დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა მიიღეს გადაწყვეტილება. პოლიტიკური შეთანხმების საგანი იყოო, ჩემთვის ეს არის უბრალოდ წარმოუდგენელი. ჩემთვის ეს არის უბრალოდ შეუძლებელი, ვერც წარმომიდგენია ადამიანი, რომელსაც შეეძლო, თავის თავზე აეღო მსგავსი პასუხისმგებლობა და საერთოდ, მსგავსი საკითხის განხილვა", - თქვა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, 8 მარტის შეთანხმება იყო უკიდურესად მნიშვნელოვანი მიღწევა ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციის პროცესში.

"ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ საარჩევნო სისტემა, რომელზეც 8 მარტს შეთანხმდნენ, იმდენად მნიშვნელოვანი ხარისხობრივი ცვლილებაა ქვეყნის დემოკრატიისთვის, რომ ამ მიღწევის რამე სახით კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ქვეყანაში საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება არის ფუნდამენტური თემა, რომელზეც მთელი პოლიტიკური სისტემა შეთანხმდა. პროპორციული ან პროპორციულთან მიახლოებული საარჩევნო სისტემა, რომლითაც წელს არჩევნები უნდა ჩავატაროთ, პერსონალურად ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სისტემური საკითხი, რომელიც ხაზს უსვამს ქართული დემოკრატიის ხარისხს და ქართული დემოკრატიის ვექტორს აწესებს", - ამბობს გახარია.

მისივე განცხადებით, საარჩევნო სისტემის რაიმე სახით კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება კატეგორიულად მიუღებელია. "ვერც წარმომიდგენია, ვთვლი, რომ ეს არის უბრალოდ შეუძლებელი".

ქართული ოცნება აცხადებს, რომ შეთანხმება, რომელიც 2020 წლის 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გაფორმდა, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხს არ მოიაზრებს.

შეთანხმების გაფორმების დღიდან ოპოზიცია აცხადებს, რომ ის ორეტაპიანია და გულისხმობს როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების 120/30-ზე განაწილების უზეუნველყოფას, ასევე, პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას. ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან, შეთანხმება ჩაშლილად გამოცხადდება.

ის, რომ ამერიკის ელჩის რეზიდენციაში, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრაზე, კონკრეტულ პოლიტპატიმრებზე ისაუბრეს, მედიასთან დაადასტურა პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმაც. მისი თქმით, შეხვედრებზე განიხილეს კონკრეტული გვარებიც და გათავისუფლების მექანიზმებიც. პოლიტპატიმრების შესახებ მემორანდუმს პატრიოტთა ალიანსმა ხელი სწორედ ამის გამო არ მოაწერა.

საქართველოს პარტნიორი ქვეყნები ხელისუფლებას უგულავას, რურუასა და ოქრუაშვილის საქმეებზე მითითებით, შეთანხმების სრულყოფილად შესრულებისკენ მოუწოდებენ. რას ამბობდნენ ისინი ამ კვირების განმავლობაში, წაიკითხეთ აქ.

ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება რამდენიმეთვიანი დაძაბული პროცესის, საპროტესტო აქციების და პოლიტიკური დევნის ფონზე, პარტნიორი ქვეყნების მიერ ორგანიზებული მოლაპარაკებების შემდეგ გაფორმდა. ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2019 წლის 14 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო. ამით მმართველმა გუნდმა 2019 წლის 24 ივნისს ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შეასრულა, რომელიც, პარტიის თავმჯდომარემ, თავის მხრივ, 20 ივნისის ანტირუსული აქციის ძალადობრივად დაშლის და გამწვავებული პროტესტის შემდეგ გასცა.

კომენტარები