ტურიზმი

გახარია: შეიძლება, ვიფიქროთ COVID 19-ისგან თავისუფალი ტურისტული ზონების გამოცხადებაზე

საქართველოს მთავრობა

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში, აჭარის სასტუმროების და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე "კოვიდისგან თავისუფალი ზონების" გამოცხადებაზე ისაუბრა.

"ეს შეიძლება იყოს საირმე, წყალტუბო ან გუდაური. ბაკურიანიც კი დიდია ამისთვის, აჭარას რომ თავი დავანებოთ", - ამბობს პრემიერი.

მისი თქმით, "აჭარის გამოცხადება ასეთი ფორმით საკმაოდ რთული იქნება, თუმცა, გარკვეული ნაწილები შესაძლებელია".

როგორც პრემიერი აცხადებს, ამ მიმართულებით შეიძლება ფიქრი ცალკე ბათუმზე, რათა დაწესდეს გარკვეული წესები და ცალკეული ზონები გამოცხადდეს "კოვიდისგან თავისუფალ ლოკაციებად".

"ამ ქვეყანაში ეკონომიკური განახლების, გახსნის ან ეკონომიკური აღდგენის პროცესი დაიწყება ტურიზმით, სოფლის მეურნეობით, შემდგომ ამას მოჰყვება მშენებლობა და დეველოპმენტი, რა თქმა უნდა, ინდუსტრია, შემდგომ იქნება განათლება, მედიცინა და ასე მივყვებით", - ამბობს გიორგი გახარია.

პრემიერის თანახმად, მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაცია შეიმუშავებს წესებს, რომელთა მიხედვით ტურისტული აქტივობების აღდგენა იქნება შესაძლებელი. როგორც გახარია ამბობს, საქართველოში სასტუმროების საკარანტინო ზონებად ქცევამ შექმნა სათანადო გამოცდილება, რომელიც გამოსადეგი იქნება ამ პერიოდში სტუმართა მისაღებად.

საქართველოში შიდა ტურიზმი 15 ივნისიდან აღდგება, ხოლო 1 ივლისიდან მთავრობა უცხოელი ვიზიტორების მიღებას გეგმავს.

კომენტარები