ეკლესია და კორონავირუსი

მიტროპოლიტი ნიკოლოზი: თუ ადამიანებს ვაქცინაციას აიძულებენ, ეს ეშმაკისეული მოქმედება იქნება

რუსთავი2

მღვდელმთავრები ანტივაქსერულ, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ განცხადებებს აკეთებენ. კუმურდოს, ახალქალაქის და კარის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის თქმით, თუ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას ყველა ადამიანს დააძალებენ, ეს "ნამდვილად ეშმაკისეული მოქმედება იქნება". 

ამ ანტი-მეცნიერული განცხადებით მიტროპოლიტი ნიკოლოზი ხონისა და სამტრედიის ეპისკოპოსის, მეუფე საბას ქადაგებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ ვაქცინა, რომელიც შეიქმნება, "ადამიანებს დაიმონებს" და "დღევანდელი ვირუსი არის ეშმაკის ხელში საშუალება, რომ ადამიანები თავის გავლენის ქვეშ მოაქციოს". 

"მეუფე საბამ თქვა, რომ თუ დააძალებენ ყველას, ეს იქნება ეშმაკისეული მოქმედებაო და მე ამას ვეთანხმები. თუ იძულებულს გახდიან ყველას, რაღაც მოქმედება შეასრულოს - ეს ნამდვილად ეშმაკისეული მოქმედება იქნება. იმპერატიულად, რომ ეს აუცილებლად უნდა გაიკეთო, ყოველგვარი ახსნის გარეშე, საყოველთაოდ, მე ამაში მონაწილეობას არ მივიღებ", - ამბობს მიტროპოლიტი ნიკოლოზი და აღნიშნავს, რომ ვაქცინას ის აუცილებლად გაიკეთებს, "ოღონდ თუ დააძალებენ, არ გაიკეთებს". 

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმეც მიიჩნევს, რომ ვაქცინა უნდა იყოს ნებაყოფლობითი და არა სავალდებულო. მისივე თქმით, კომისია შედგება და საკითხს განიხილავს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პალიტრანიუსის ეთერში თქვა, რომ "ანტივაქსერებმა ვერ დაძლიეს საღი აზრი - ვაქცინა მედიცინის აღმოჩენათა სამეულშია". მისივე თქმით, "კაცობრიობას ვაქცინაზე უკეთესი წამალი, ასე ვთქვათ, რომელიც იცავს ადამიანის სიცოცხლეს, ჯერ არ გამოუგონია".

კომენტარები