კორონავირუსი და ეკონომიკა

აშშ-ში უმუშევრობის დონე დიდი დეპრესიის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა

Vox

აშშ-ში უმუშევრობის დონემ 14.7%-ს მიაღწია, რაც დიდი დეპრესიის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ცნობილი ხდება, რომ აპრილში 20.5 მილიონმა ამერიკელმა დაკარგა სამუშაო ადგილი. ჯერ კიდევ სამი თვის წინ უმუშევრობის დონე 3.5%-ს არ ცდებოდა, რაც ბოლო 50 წელიწადში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო.

გასულ კვირას აშშ-ში უმუშევრობის შემწეობა 3.2 მილიონმა ადამიანმა მოითხოვა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამ მხრივ მარტის მეორე ნახევარში აღირიცხა, როცა ერთ კვირაში 6.9 მილიონმა ამერიკელმა მოითხოვა უმუშევრობის დახმარება.

აღსანიშნავია, რომ უმუშევრად ითვლება ადამიანი, რომელიც დასაქმებული არაა და სამუშაოს ეძებს. შესაბამისად, უმუშევრობის სტატისტიკა არ ითვლის იმ ადამიანების რიცხვს, ვინც აპრილში სამუშაო ადგილი დაკარგა, თუმცა ახლის ძებნა არ დაუწყია.

ამიტომ, იმ შრომისუნარიანი ამერიკელების რიცხვი, ვინც ამჟამად დასაქმებულია, კიდევ უფრო მეტადაა შემცირებული და 51.3%-ზეა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია სტატისტიკის წარმოების დაწყებიდან.

უკანასკნელი მონაცემებით, აშშ-ში ახალი კორონავირუსის 1 257 000-მდე შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 75 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 195 ათასზე მეტი უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები