ტურიზმი

თურნავა: უკვე გვაქვს ტურისტული პროდუქტები, რომლებიც აქტუალური გახდება პანდემიის შემდგომ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას თქვა, რომ საქართველოს უკვე აქვს ისეთი ტურისტული პროდუქტები, რომლებიც "ახალი რეალობიდან გამომდინარე, პანდემიის შემდეგ უფრო მეტად აქტუალური გახდება მთლიანად მსოფლიოსთვის".

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ასეთი, პირველ რიგში, სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ტურიზმია.

"ჩვენისთანა მდიდარი კურორტების, ისტორიისა და გამოცდილების მქონე ქვეყნისთვის ესაა დამატებითი შესაძლებლობა, რომელსაც ჩვენ არ გავუშვებთ ხელიდან", - ამბობს თურნავა.

როგორც ის აცხადებს, მთავრობა უზრუნველყოფს, რომ ტურისტული აქტივობები იყოს მეტად უსაფრთხო და მორგებული ახალ რეალობაზე.

"ესაა სათავგადასავლო ტურიზმი, ღვინის ტურიზმი, ეკო და აგროტურიზმი, დაცული ტერიტორიები და ნაკრძალები, მთის კურორტები და ასევე სპეციალური დაცული ტურისტული ზონების იდეა, სადაც შევქმნით სპეციალურ მწვანე დაცულ ტერიტორიებს და ზონებს, სადაც პრივატულობის დაცვით, დისტანციის დაცვით, ტურისტები შეძლებენ, განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის სერვისების მიღებას, რაც სრულიად შესაბამისობაში იქნება პოსტკოვიდური ტურისტული გლობალური ბაზრის მოთხოვნებთან".

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, საქართველო 15 ივნისიდან ადგილობრივი ტურიზმისთვის, ხოლო პირველი ივლისიდან უცხოელი ტურისტებისთვის გაიხსნება.

კომენტარები