პოლონეთი

პოლონეთში 10 მაისს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნები გადაიდო

AP

პოლონეთში 10 მაისს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნები გადაიდო. ამის შესახებ შეთანხმებას მმართველმა პარტიამ და მისმა კოალიციურმა პარტნიორმა მიაღწიეს. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ასე პოლონელებს ექნებათ გარანტირებული საშუალება, დემოკრატიულ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა.

როდის ჩატარდება არჩევნები, ჯერჯერობით, უცნობია. პარტიებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ეპიდემიის გამო მოსახლეობა ხმას ფოსტის საშუალებით მისცემს.

ამ დრომდე, მიუხედავად პანდემიისა, მმართველი პარტია უარს ამბობდა გადაევადებინა არჩევნები. მათ არჩევნების ფოსტის საშუალებით ჩატარება სურდათ, თუმცა გადაწყვეტილება გააკრიტიკეს როგორც ოპოზიციაში, ასევე თავად პარტიაში, მიზეზად კი ამგვარი საარჩევნო სისტემის გაუმართაობა დაასახელეს. ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ სისტემა მოკლე დროში არის შემუშავებული, ბევრი ხარვეზი აქვს და დემოკრატიულ პროცესს ვერ უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, კრიტიკა მოჰყვა იმასაც, რომ კორონავირუსის გამო კანდიდატებს კამპანიის წარმოების საშუალება არ აქვთ, ხოლო მოქმედი პრეზიდენტი ამას მოვალეობის შესრულების ფარგლებში ახერხებს. უკანასკნელი გამოკითხვების მიხედვით, პრეზიდენტი ანდჟეი დუდა ხმათა 50%-ს მოიპოვებს.

ბოლო მონაცემებით პოლონეთში ახალი კორონავირუსი სულ 14 431 ადამიანს დაუდასტურდა, დაიღუპა 716, გამოჯანმრთელდა 4 280.

კომენტარები