აშშ-ვენესუელა

დონალდ ტრამპი ვენესუელაზე შეიარაღებულ თავდასხმასთან აშშ-ის კავშირს უარყოფს

ნიკოლას მადურო / დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვენესუელაზე შეიარაღებულ თავდასხმასთან აშშ-ის კავშირს უარყოფს. მან კომენტარი თეთრ სახლში ჟურნალისტებთან გააკეთა მას შემდეგ, რაც ნიკოლას მადურომ გამოაცხადა, რომ შეიარაღებულ თავდასხმასთან კავშირის ბრალდებით ამერიკის ორი მოქალაქე დააკავეს.

"ჩვენ ახლახან გავიგეთ ამის შესახებ. გავარკვევთ, თუმცა ამას არანაირი კავშირი არ აქვს ჩვენს მთავრობასთან", - თქვა მან.

სახელმწიფო ტელევიზიით მიმართვისას მადურომ თქვა, რომ ვენესუელამ 3 მაისს ქვეყანაზე შეიარაღებული თავდასხმა აღკვეთა. მისი თქმით, მოკლულია 8 ადამიანი და დაკავებულია 13 "ტერორისტი". მადურო თავდასხმის ორგანიზებაში კოლუმბიას და აშშ-ს ადანაშაულებს. მადუროს რეჟიმის განცხადების მიხედვით, დაქირავებულმა სამხედროებმა ვენესუელაში შესვლა კოლუმბიიდან ნავებით სცადეს.

დააკავეს აშშ-ის ორი მოქალაქე, რომლებსაც, მადუროს თქმით, კავშირი აქვთ აშშ-ის არმიის ვეტერანთან, რომელმაც ქვეყანაზე შეიარაღებული თავდასხმის ჩაშლილ გეგმაზე აიღო პასუხისმგებლობა.

"ისინი რემბოს თამაშობდნენ, გმირობას თამაშობდნენ", - თქვა მან.

მადურომ წარმოადინა აშშ-ის ორი პასპორტი, რომელიც აირან ბერის და ლუკ დენმანს ეკუთვნით და თქვა, რომ ისინი დაკავებულები არიან.

ჯორდან გუდრო, რომელიც ფლორიდაში უსაფრთხოების კომპანია Silvercorp-ს ფლობს, Reuters-თან საუბარში საკუთარ თავს ვენესუელაში შეჭრის ორგანიზატორად ასახელებს და ამბობს, რომ ბერი და დენმანი მასთან მუშაობენ. გუდროსთან ერთად მის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ვენესუელის დისიდენტი სამხედრო ოფიცერი ხავიერ ნიეტო. გუდრო ირწმუნება, რომ მისი გუნდის მებრძოლები აგრძელებენ ოპერაციებს ვენესუელის სხვადასხვა ნაწილში.

ვენესუელის ოპოზიციას მიაჩნია, რომ შეიარაღებული თავდასხმა დადგმულია და მადურო ცდილობს, ყურადღება გადაიტანოს ქვეყანაში არსებული პრობლემებიდან, მათ შორის კარაკასში ბანდებს შორის დაპირისპირებისა და ციხეებში დაწყებული ბუნტისგან. ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო, რომელიც 50-ზე მეტმა ქვეყანამ გარდამავალ პრეზიდენტად აღიარა, უარყოფს, რომ მადუროს დასამხობად Silvercorp მან დაიქირავა.

26 მარტს აშშ-მა მადუროსა და ქვეყნის სხვა მაღალჩინოსნებს ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის ბრალი წაუყენა. გადაწყვეტილება გენერალურმა პროკურორმა, უილიამ ბარმა, გამოაცხადა. ამასთან, აშშ-მა ჯილდოდ დააწესა $15 000 000 ნებისმიერი ინფორმაციისთვის, რაც მათ მადუროს დაპატიმრებაში დაეხმარება.

კომენტარები