ახალი კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: გილეადის მექანიზმით რემდესივირის ჩვენამდე მოღწევა ვერ მოხერხდა

საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ამერიკული ფარმაცევტული კომპანია გილეადის მექანიზმით რემდესივირის ჩვენამდე უშუალოდ მოღწევა ვერ მოხერხდა და საქართველოს სოლიდარობის კვლევაში ჩართვა სწორედ ამიტომ შესთავაზეს.

გაბუნიამ რ2-ის ეთერში თქვა:

"გილეადთან ჩვენ დიდი ხანია კარგი თანამშრომლობა გვაქვს. კომპანიის მაღალი დონის მენეჯმენტი სერიოზულად იყო დაინტერესებული, რომ ჩვენ დროულად გვქონოდა მედიკამენტზე ხელმისაწვდომობა, თუმცა გილეადის მექანიზმით პრეპარატის პირდაპირ, უშუალოდ ჩვენამდე მოღწევა ვერ მოხერხდა.

მათივე რეკომენდაცია იყო სოლიდარობის კვლევაში საქართველოს ჩართვა, რაც კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ჩვენნაირი პატარა ქვეყანა ასეთი მცირე ნაკადით პაციენტების, რომელიც მკვლევრებისთვის, ვლევის თვალსაზრისით არ არის საინტერესო და დიდი, ამ კვლევაში მოხვდა", - თქვა მან.

გაბუნიამ ასევე განაცხადა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას საქართველოსთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს, არსებობს კვლევებში მონაწილეობის კარგი ისტორია როგორც შიდსისა და ინფექციური დაავადების ცენტრის პერსონალის მხრიდან, ასევე ტუბერკულიოზის ეროვნული ცენტრის მხრიდან, შესაბამისად, საქართველოს რეპუტაცია კვლევებში მონაწილეობის მხრიდან საერთაშორისო დონეზე საკმაოდ მაღალია. გაბუნიას განცხადებით, საქართველო სოლიდარობის კვლევაშიც სწორედ ამ რეპუტაციის წყალობით ჩაერთო.

რაც შეეხება იმას, თუ როდის იქნება რემდესივირი ხელმისაწვდომი სოლიდარობის კვლევის ფარგლებში - გაბუნია ამბობს, რომ ლოჯისტიკური საკითხების მოგვარებას დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება.

"მგონია, რომ მაისის ბოლოსკენ ფიზიკურად, პრეპარატი ქვეყანაში იქნება ხელმისაწვდომი. უფრო დეტალურად, ამ ყველაფერს შემდეგ კვირას განვიხილავ, რადგან ზუსტად გვეცოდინება როდის ჩამოვა პრეპარატი საქართველოში", - თქვა მან.

30 აპრილს NCDC-ის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობდა, რომ საქართველომ გილეადს რემდესივირი შეუკვეთა და იმედს გამოთქვამდა, რომ პრეპარატს მივიღებდით. იმავეს აცხადებდა თენგიზ ცერცვაძეც, რომელიც საქართველოში Covid 19-თან ბრძოლის კლინიკურ ჯგუფს ხელმძღვანელობს.

რემდესივირი, რომელსაც დღეს მსოფლიო მეცნიერები ახალ კორონავირუსთან ბრძოლისთვის ყველაზე სანდო პრეპარატად განიხილავენ, ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია გილეადმა 2015 წელს ებოლას ვირუსის სამკურნალოდ აწარმოა, თუმცა, ამ ვირუსის წინააღმდეგ არაეფექტური აღმოჩნდა. ებოლას ეპიდემიას, რომელიც აფრიკის კონტინენტზე, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში აფეთქდა, სიკვდილიანობის საშუალო მაჩვენებელი 50% ჰქონდა.

მედიკამენტ რემდესივირის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები