საგანგებო მდგომარეობა

ბოკერია: საგანგებოს გახანგრძლივება, ისე როგორც დღეს არის, იქნება სრული კატასტროფა

გიგა ბოკერია
ტაბულა

"საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება, ისე როგორც დღეს არის, იქნება სრული კატასტროფა", - ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ სასწრაფოდ უნდა გაისხნას ეკონომიკა და მოიხსნას აბსურდული რეგულაციები. 

ბოკერიას თქმით, შესაძლებელია, შენარჩუნდეს კონკრეტული კომპონენტები, რომლებიც რაციონალურია - მაგალითად, უცხოეთიდან შემოსული მოქალაქე ვალდებული იყოს, ჩაიტაროს ტესტი ან მოთავსდეს კარანტინში.

"შეიძლება, იყოს რაღაც სხვა მინიმალური შეზღუდვები, რომელიც არის გონივრული, დანარჩენი ყველაფერი უნდა გაუქმდეს 22 მაისის მერე კი არა, იქამდე, გუშინწინ უკვე გასაუქმებელი იყო", - ამბობს ბოკერია.

ევროპული საქართველოს დეპუტატს მიაჩნია, რომ გასაუქმებელია კომენდანტის საათიც, რადგან დროში შეზღუდვა მეტ კონტაქტს იწვევს ადამიანებს შორის.

"რაღაც საღი აზრი ხომ უნდა იყოს? 9 საათამდე ვერ შეიკრიბება ხალხი საქეიფოდ თუ უნდა? იქამდე ვერ გამონახავენ დროს? ყველგან დადიან უფრო შევიწროებული დროის განმავლობაში და ეს პირიქით, ცუდ როლს თამაშობს," - ამბობს ბოკერია.

ის ასევე აღნიშნავს, რომ მთავრობა რესურსების მნიშვნელოვან ნაწილს, ქვეყნის შიგნით და გარეთ, იყენებს ივანიშვილის პიროვნების კულტის შესაქმნელად და თვითშექებისთვის:

"გარეთაც რა პუბლიკაციებიც დაუკვეთეს, დაუკვეთეს არა იმიტომ, რომ გარეთ რამე ეფექტი ექნება, იქ ეს ჩაიკარგება ოკეანეში, ვინ შეამჩნევს, შიგნით პროპაგანდისთვის დაუკვეთეს, რომ იქ დაბეჭდილი მერე აქ ატრიალონ - ნახეთ როგორ გვაღიარეს. გასაგებია და ნორმალურია, რომ ყველა პოლიტიკურ გუნდს უნდა თქვას, რა გააკეთა სწორად, ოღონდ ამ დოზით და ამ ფორმით ეს ახასიათებს მხოლოდ ავტორიტარულ რეჟიმებს", - ამბობს ბოკერია.

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე არის გამოცხადებული, თუმცა მმართველი პარტიის წევრები არ გამორიცხავენ, რომ საგანგებო კიდევ გახანგრძლივდეს.

კომენტარები