საგანგებო მდგომარეობა

15 ივლისამდე, მთავრობა შეზღუდვებს საგანგებოს გარეშე დააწესებს - პარლამენტმა კანონი მიიღო

პარლამენტი

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მთავრობას ანიჭებს უფლებამოსილებას, საგანგებო მდგომარეობის გარეშე უფლებრივი შეზღუდვები დააწესოს. 81 მომხრე, 0 - წინააღმდეგი - ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები. ევროპულმა საქართველომ და ნაციონალურმა მოძრაობამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

კანონი ძალაში გამოქვეყნებისთანავე შედის და 15 ივლისის შემდეგ გაუქმდება.

კანონპროექტი ითვალისწინებს საკარანტინო ღონისძიებების ახლებურად განსაზღვრებას და მოიცავს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა, მიზეზად კი, ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხე დაასახელა.

ოპოზიცია, სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ კანონპროექტი არაკონსტიტუციურია, ამასთან, ზრდის მთავრობის მიერ უფლებების არაპროპორციულად შეზღუდვის რისკებს და რომ გათვალისწინებული ჯარიმები და სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობის ზომები არაპროპორციული, რეპრესიული და ადამიანის უფლებებისთვის საფრთხის შემცველია

საქართველოში 21 მარტიდან დაწესებული საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით მოქმედებს. 23 მაისიდან ის მოიხსნება, კომენდანტის საათთან ერთად. მთავრობას სურს, სხვა შეზღუდვები, რომელიც ტრანსპორტის აკრძალვას, გაადგილებას და ბიზნესის მუშაობას ეხება, ძალაში დატოვოს.

კომენტარები