საგანგებო მდგომარეობა

ბოკერია: საგანგებოს დარღვევისთვის ჯარიმები შერჩევითად, უსამართლოდ იწერებოდა, უნდა მოიხსნას

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისათვის ჯარიმები უსამართლოდ და შერჩევითად იწერებოდა. სწორედ ამიტომ ითხოვს ევროპული საქართველოს მოსახლოებისათვის ამ ჯარიმების ჩამოწერას. 

ბოკერია ამბობს, რომ საგანგებოს მოქმედებისას წესების დარღვევისთვის მთავრობასთან დაახლოებულ პირებს და რელიგიურ ფანატიკოსებს არ აჯარიმებდნენ, სხვებს კი. მისივე თქმით, იგივე პრინციპი იყო ბიზნესთან მიმართებაშიც.

"ამის ნათელი მაგალითია სუფთა სახლი. ასევე, ყვავილებს რომ ყიდდა ადამიანი და აქეთ ყველა კანონი და წესი, რომ ირღვეოდა, ყვავილების გაყიდვისთვის დააჯარიმეს და სხვები არა", - ამბობს ბოკერია.

მისივე თქმით, ზოგადად ჯარიმების მოხსნის მომხრე არ არის და წესი როცა არსებობს, უნდა შესრულდეს, თუმცა უნდა იყოს სამართლიანი და არა შერჩევითი.

"შენ თუ ეუბნები დემონტრაციულად მოქალაქეებს, რომ ვინც პოლიტიკურად არის დაცული, ან რაიმე სხვა ტიპის გავლენით, იმათ არ ვაჯარიმებ და შენ გაჯარიმებო, ეს ჯარიმა წესების დაცვის სიმბოლო კი არა, უწესობის და უსამართლობის მაგალითი ხდება.

ევროპული საქართველოს მოსახლეობისათვის საგანგები მდგომარეობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების ჩამოწერის ინიციატივით რამდენიმე დღის წინ გამოვიდა.

დღეს, 27 მაისს, უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ადამიანების უმრავლესობას ამ ჯარიმების გადახდა მართლაც გაუჭირდება, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ მარტივად ჩამოწერის შემთხვევაში, მომდევნო ჯერზე პრევენციული ხასიათი ვეღარ ექნება.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან 23 მაისამდე მოქმედებდა. წესების დარღვევა კი ფიზიკური პირის შემთხვევაში 3 000 ლარიან, იურიდიული პირის შემთხვევაში კი 15 000 ლარიან ჯარიმას ითვალიწინებდა.

საგანგებო მდგომარეობის დროს პოლიციამ დაახლოებით 22 მილიონის ჯარიმები გამოწერა. 

კომენტარები