საგანგებო მდგომარეობა

ფლანგვის დეტექტორი: საგანგებო მდგომარეობის დროს პოლიციამ 22 მილიონის ჯარიმები გამოწერა

შსს

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის მონაცემებით, 21 მარტიდან 22 მაისამდე - საგანგებო მდგომარეობის პერიოდში პოლიციამ სულ 22,590,000 ლარის ჯარიმები გამოწერა. 

ორგანიზაციის ინფორმაციით, კომენდანტის საათის თუ საკარანტინე რეჟიმის დარღვევისთვის მოცემულ პერიოდში 7 444 ფიზიკური და 18 იურიდიული პირი დააჯარიმეს. საგანგებო მდგომარეობის დროს წესების დარღვევისთვის ფიზიკურ პირებზე ჯარიმა 3,000 ლარს, ხოლო იურიდიულ პირებზე 15,000 ლარს შეადგენს. 

ცნობისთვის, 23 მაისიდან ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა უქმდება, იხსნება კომენდანტის საათიც. მიუხედავად ამისა, დღეს პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც მთავრობას აძლევს უფლებას, შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის გარეშე დააწესოს. 

კანონპროექტი საკარანტინო ღონისძიებების ახლებურად განსაზღვრებას ითვალისწინებს და მოიცავს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა.

კომენტარები