ქართული ოცნების წევრის მამუკა მდინარაძის თქმით, საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის შემდეგ გაგრძელება დამოკიდებული იქნება არსებულ რისკებზე, იმაზე, თუ რამდენად იქნება შესაძლებელი ყველა შეზღუდვის მოხსნა. მდინარაძეს საგანგებო მდგომარეობის საკითხზე ზუსტი პასუხი არ აქვს.
დეპუტატმა ენმ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა - ოპოზიციური პარტია პრემიერ გახარიას ინტერპელაციის წესით 29 მაისს პარლამენტში იბარებს. მდინარაძის თქმით, ინტერპელაცია ჩვეულებრივი წესით ჩატარდება მას შემდეგ, რაც საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება. თუმცა, გაუქმდება თუ არა - ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
"თუ ჩვენ შეზუღდვების მცირე ნაწილის დატოვება მოგვიწევს, ვთქვათ საგანგებო მდგომარეობის ვადის შემდეგაც, ამისთვის შეიძლება საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივებაც დაგვჭირდეს.
მაგრამ ჩვენ დღეს ჯერ ვერ გავცემთ ზუსტ, კონკრეტულ პასუხს ამასთან დაკავშირებით, რადგან უნდა დაველოდოთ, როგორი იქნება ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, რა შეზღუდვების მოხსნის ან დატოვების აუცილებლობა იქნება და აქედან გამომდინარე, უკვე შემდეგ ნაბიჯებს თავისუფლად განვსაზღვრავთ", - თქვა მდინარაძემ.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკის შემცირების მიზნით, 21 მარტიდან ამოქმედდა. 22 აპრილს ის კიდევ ერთი თვით, 22 მაისამდე გახანგრძლივდა. მოქმედებს კომენდანტის საათი - 21 საათის შემდეგ ქუჩაში გასვლა აკრძალულია. დახურულია სავაჭრო და სხვა ტიპის ობიექტები, გარდა სუპერმარკეტებისა, აფთიაქებისაა, ბანკებისა და ბენზინგასამართი სადგურებისა.
ამასთან, აქტიურად არ მუშაობს პარლამენტი, შეჩერებულია საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაც, რომლითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესი უნდა შეიცვალოს, რათა 8 მარტს, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის ხელმოწერილი საარჩევნო შეთანხმება შესრულდეს.





