კორონავირუსი

ფინეთში Covid-19-ით გარდაცვლილთა 90%-ზე მეტს სხვა დაავადებაც ჰქონდა

ფინეთის ჯანდაცვის ინსტიტუტის (THL) განცხადებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა 90%-ზე მეტს სულ მცირე ერთი ქრონიკული დაავადებაც ჰქონდა.

THL ინფორმაციას ახალი კორონავირუსით გარდაცვლილ 140 ადამიანის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გარდაცვლილთა 51% მამაკაცი, ხოლო 49% ქალია. 90%-ზე მეტს ერთი ან მეტი ქრონიკული დაავადება ჰქონდა, მეტწილად, დიაბეტი ან გულის დაავადება.

დაღუპულთა საშუალო ასაკი 84 წელია.

30-დან 39 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში 5-ზე ნაკლები ადამიანი გარდაიცვალა, ასევე 5-ზე ნაკლები პირი დაიღუპა 40-49 წლამდე და 50-59 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებში. 60-69 წლამდე პაციენტებში 9 მათგანი დაიღუპა, 70-დან 79 წლამდე პირებში - 28, 80-დან 89 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში - 67, ხოლო 90 წელს გადაცილებული პაციენტებიდან 31 გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის 18 მარტის ანგარიშის მიხედვით, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა 99%-ზე მეტს სხვა დაავადება სჭირდა და მათი საშუალო ასაკი 79.5 წელი იყო.

29 აპრილის მონაცემებით, ფინეთში ახალი კორონავირუსი 4 906 ადამიანს დაუდასტურდა. 206 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 2 800 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში ახალი ვირუსის გამოსავლენი 89 800 ტესტი ჩატარდა.

კომენტარები