კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: თუ საქართველოში დადასტურებულზე მეტი ინფიცირებულია, გარდაცვალების % უფრო დაიწევს

მზია საგანელიძე / რადიო თავისუფლება

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის, თქმით, ერთ მილიონ მოსახლეზე ახალი კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების პროცენტული რაოდენობა ევროპის ქვეყნებში ერთერთი ყველაზე დაბალია. 

ცერცვაძის თქმით, საქართველოზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ ჯუჯა სახელმწიფოებს აქვთ. 

"ამ საკითხზე ყველანაირი მსჯელობა ზედმეტია, რომ საქართველოში ცალსახად არის გარდაცვლილთა ძალიან მცირე რაოდენობა, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებთან და განსაკუთრებით ევროპის განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით. შეუდარებლად მცირეა - 10-ჯერ, 15-ჯერ, 16-ჯერ", - თქვა ცერცვაძემ ტვ პირველის ეთერში. 

ინფექციონისტის თქმით, ის ვარაუდი, რომ შესაძლოა, მოსახლეობის იმაზე მეტი რაოდენობა იყოს ახალი კორონავირუსით ინფიცირებული, ვიდრე ეს ოფიციალურადაა დადასტურებული, სავსებით რეალურია. 

"თუ საქართველოში რეალური ინფიცირების რიცხვი მეტია, მათ შორის უსიმპტომოებისა და მცირე სიმპტომიანების ხარჯზე, მარტივი მისახვედრია, რომ მაშინ გარდაცვალების პროცენტი კიდევ უფრო დაბლა დაიწევს და არანაირად - მაღლა", - თქვა თენგიზ ცერცვაძემ. 

მისივე განმარტებით, ტესტირების ალგორითმში ბოლო დღეების განმავლობაში შეტანილია ისეთი ცვლილებები, რომელიც "გარანტიას არ იძლევა, მაგრამ დიდი ალბათობით უზრუნველყოფს, რომ გამოუვლენელი ინფიცირებული პაციენტების რიცხვი რაც შეიძლება ცოტა იყოს". 

იმავე ეთერში ცერცვაძემ შეკითხვას, არის, თუ არა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ხარვეზი ის, რომ ქვეყანაში ახალ კორონავირუსზე აგრესიული ტესტირებები არ კეთდება და რეგიონშიც კი ერთ სულ მოსახლეზე ჩატარებული ტესტირებების რაოდენობით სხვა ქვეყნებს ჩამოვრჩებით, უპასუხა, რომ "ხარვეზია". 

საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 517 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 178 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 კი - გარდაიცვალა. 

შემუშავებული პროტოკოლის მიხედვით, ქვეყანაში ამ დრომდე არ დაწყებულა ე.წ აგრესიული ტესტირება. ამ დროისთვის, დაახლოებით, 13 000-მდე ტესტია ჩატარებული.

კომენტარები