ანტიკრიზისული გეგმა

კაპანაძე: ეფექტური ეკონომიკური გეგმა იმ კომპონენტებს უნდა მოიცავდეს, რაც ჩვენს ხედვაშია

პირველი არხი

"გვაქვს იმედი, რომ ჩვენი გეგმიდან ფუნდამენტური ნაწილები მაინც იქნება გათვალისწინებული ხელისუფლების მიერ დღეს შემოთავაზებულ გეგმაში", - ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე მთავრობის მიერ დღეს გამოსაქვეყნებელ ანტიკრიზისულ გეგმას ეხმაურება.

კაპანაძე ამბობს, რომ ევროპული საქართველოს მიერ ერთი თვის წინ შემუშავებული გეგმა საკმაოდ კომპლექსურია და ყველა იმ კომპონენტს ითვალისწინებს, რაც მოსახლეობის მდგომარეობის შესამსუბუქებლად არის საჭირო. 

კაპანაძის თქმით, ეკონომიკური პრობლემები მოსალოდნელი იყო, თუმცა მოულოდნელია ის, რომ მთავრობა, ერთი თვის დაგვიანებით, მხოლოდ ახლა აპირებს, კონკრეტული ხედვის გამოქვეყნებას.

მისივე თქმით, ეს იქნება მხოლოდ ხედვის პროექტი, რომელსაც კიდევ რამდენიმე კვირა შეიძლება დასჭირდეს, რომ ძალაში შევიდეს.

"მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი დაძლევის ეფექტური გეგმა იმ კომპონენტებს უნდა ითვალისწინებდეს, რომლებიც ჩვენს ხედვაში არის. ეს არის გადასახადების შემცირება, დაგროვებითი საპენსიო ფონდის გამოყენება, საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა, ინფრასტრუქტურული და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება. საგარეო დახმარების გამოყენება, იმ კუთხით, რომ კონკრეტული დახმარებები მიიღონ ადამიანებმა, ვინც დაკარგა სამსახურები, შეუმცირდა შემოსავალი. დაკარგული ხელფასის მინიმუმ ნახევრის კომპენსირება უნდა მოხდეს, ისევე როგორც, უნდა მოხდეს დღგ-ს შეცვლა გაყიდვის გადასახადით", - ამბობს სერგი კაპანაძე.

საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელებას პარლამენტმა, ოპოზიციის გარეშე, მხარი ისე დაუჭირა, რომ მთავრობა ანტიკრიზისული გეგმა არ წარმოუდგენია.

დაპირებისამებრ, ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმა დღეს, 24 აპრილს უნდა წარმოადგინონ.

ევროპულმა საქართველომ ანტიკრიზისული გეგმა 26 მარტს წარმოადგინა, რომელიც შემდეგ კომპონენტებს ითვალისწინებს:

  • უმუშევრობის დანაკლისის ანაზღაურება — 2.49 მლრდ ლარი;
  • საშემოსავლო გადასახადის განულება 4 თვით, განახევრება კიდევ შემდეგი 4 თვით — 1.85 მლრდ ლარი;
  • ქონების გადასახადის განულება — 390 მლნ ლარი;
  • ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადის 25%-ით შემცირება —150 მლნ ლარი;
  • 120-ლარიანი კომუნალური ვაუჩერი ყველა ოჯახს - 130 მლნ ლარი;
  • 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარება — 220 მლნ ლარი;

ამ გეგმის დაფინანსების წყაროდ ევროპულ საქართველოში რამდენიმე გზას ასახელებენ, ესენია: საბიუჯეტო ხარჯების შემცირება, საპენსიო ფონდში საბიუჯეტო შენატანების 8 თვით შეჩერება და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მინიმუმ 1,1 მილიარდი დოლარის მოზიდვა. ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ, რომ მთავრობის ეფექტური მუშაობის შემთხვევაში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან 2 მილიარდი დოლარის მოზიდვაც რეალურია. 

სხვა ნაბიჯებთან ერთად, ევროპული საქართველო მთავრობას სხვადასხვა ფისკალურ და მონეტარულ ინიციატივებსაც სთავაზობს, ესენია: 

  • 200 000 ლარამდე სესხზე შეზღუდვების გაუქმება;
  • შემოსავლის დადასტურების შესახებ რეგულაციის გაუქმება;
  • ეროვნული ბანკის მიერ სახაზინო ვალდებულებების შესყიდვის შეზღუდვა;
  • კაპიტალის მოთხოვნის მნიშვნელოვნად შემცირება;
  • ლარის სარეზერვო მოთხოვნის მნიშვნელოვნად შემცირება;
  • დოლარში სარეზერვო მოთხოვნის გაუქმება;
  • საბიუჯეტო დეფიციტის არსებულ დონეზე შენარჩუნება.

ევროპული საქართველოს ანტი-კრიზისული გეგმა, ასევე ადმინისტრაციული ჯარიმებისა და საურავების და საფოსტო გზავნილებზე 300-ლარიანი ლიმიტის გაუქმებას ითვალისწინებს.

კომენტარები