ანტიკრიზისული გეგმა

კუბლაშვილი: მთავრობის კრიზისის დაძლევის გეგმა არ აქვს

საქართველოს მთავრობას დარგობრივი ეკონომიკისა და საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე კრიზისის დაძლევის რაიმე გეგმა არ წარმოუდგენია, მას ასეთი გეგმა არ გააჩნია. შესაბამისად, დღევანდელ შეხვედრას რაიმე შედეგი არ მოჰყვება. ამის შესახებ რუსთავი 2-ს ეთერში საპარლამენტო უმცირესობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობამ წარმოადგინა ერთი კონკრეტული დოკუმენტი, სადაც წერია, რომ უნდა შემცირდეს ხარჯები.

„ეს არის ძალიან დიდი ხნის წინ დავიწყებული ტერმინი - სეკვესტრი, რომელიც წარმოადგინა ნოდარ ხადურმა დღევანდელი მთავრობის სახელით. იქ არის აღნიშნული, რომ უნდა შემცირდეს ხარჯები, მათ შორის კომიკური სიტუაციაც არის - ჰიგიენური საშუალებების ხარჯების შემცირებით აპირებენ ეკონომიკური სიტუაციის გამოსწორება. რა რაოდენობის ჰიგიენურ საშუალებებს ყიდულობდნენ, რომ მათი ჩამოჭრით ეკონომიკას ეშველოს, არ ვიცი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ეს არ არის ის, რასაც ჩვენი საზოგადოება ელის მთავრობისგან", - განაცხადა კუბლაშვილმა.

„როდესაც ბატონ ფინანსთა მინისტრის კითხეს კრიზისთან დაკავშირებით, მან განაცხადა: ჩვენ არ გვაქვს კრიზისის დაძლევის გეგმა, იმიტომ რომ კრიზისი არ არსებობს. ეს არის ის მიდგომა, რაც აქვს დღევანდელ ხელისუფლებას. მაშინ, როდესაც ბევრი ჩვენი თანამოქალაქე საკუთარ თავზე გრძნობს ამ კრიზისის სირთულეს და მდგომარეობა დღითიდღე უფრო და უფრო გამოუვალი ხდება", - აღნიშნა უმცირესობის წევრმა.

ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, თბილისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში დარგობრივი ეკონომიკისა და საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ჩატარდა. სხდომას საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები, ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც ესწრებოდნენ.

ხვალ საქართველოს პარლამენტში ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომაც არის ჩანიშნული. რიგგარეშე სხდომა საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნით, საქართველოს პრეზიდენტმა დანიშნა. თუმცა, უმრავლესობის წევრები სხდომაზე მისვლას არ აპირებენ, რის გამოც, სავარაუდოდ კვორუმი ვერ შედგება.

კომენტარები