საგანგებო მდგომარეობა

პარლამენტი: 6 წლამდე სასჯელი შემდეგი საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში ამოქმედდება

speakerstones

პარლამენტის პრესსამსახურის განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის წესების ხელმეორედ დარღვევისთვის 6 წლამდე პატიმრობის სასჯელი შემდეგი საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში ამოქმედდება.

მათივე თქმით, 22 მაისამდე, საგანგებო წესების განმეორებით დარღვევისთვის დაკისრებული სასჯელი პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის მიხედვით განისაზღვრება.

საკანონმდებლო ცვლილება, რომ საგანგებოს წესების განმეორებით დარღვევა 6 წლამდე პატმრობით დაისჯება, ხოლო კარანტინის - 3 წლამდე პატიმრობით, საქართველოს პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით მიიღო.

მიღებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, საკუთარ Facebook გვერდზე, განმარტება უმრავლესობის დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა მოგვიანებით, კანონის მიღების შემდეგ კრიტიკის საპასუხოდ გააკეთა. ის წერს, რომ დღეს მიღებული ნორმები "აწესრიგებენ სამომავლო ურთიერთობებს და სასჯელის ნაწილშიც სრულად პროპორციულია".

დამატებითი განმარტებები "ქართული ოცნების" დეპუტატების მხრიდან ხვალ, 11 საათზე გაკეთდება.

პრეზიდენტის დეკრეტის მიხედვით, მოქალაქეებს, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის წესებს განმეორებით დაარღვევენ, 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

კარანტინის და საგანგებო მდგომარეობის დარღვევა, პირველ ჯერზე, ფიზიკური პირის 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 15 000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 21 მარტიდან მოქმედებს. 22 აპრილს ქართული ოცნების უმრავლესობამ მის 22 მაისამდე გაგრძელებას დაუჭირა მხარი.

ამ დრომდე შსს-მ საკარანტინე წესების დარღვევისთვის 15 მილიონ ლარზე მეტის ჯარიმა გამოწერა.

კომენტარები