კორონავირუსი

ბრიტანეთში Covid-19-ის ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა დაიწყო

BBC

23 აპრილს დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა დაიწყო. ის ოქსფორდი უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს.

კლინიკურ ცდებში მონაწილე 800 მოხალისიდან დღეს ვაქცინა ორს გაუკეთეს.

800 მოხალისიდან ნახევარს Covid-19-ის ვაქცინას გაუკეთებენ, ხოლო ნახევარს - მენინგიტისგან დამცავ საკონტროლო ვაქცინას. მოხალისეებმა არ იციან, ვის რომელ ვაქცინას გაუკეთებენ. ეს ინფორმაცია ექიმებს ეცოდინებათ. 

ერთერთმა პირველმა, ვისაც დღეს ვაქცინა გაუკეთეს, ელიზა გრანატომ თქვა, რომ ის თავად მეცნიერია და სურდა, სამეცნიერო პროცესს როგორც შეეძლო, ისე დახმარებოდა.

ოქსფორდის უნივერსიტეტის გუნდს ვაქცინის განსავითარებლად სამი თვე დასჭირდა.  

"პირადად მე, ამ ვაქცინის ძალიან მჯერა," - განაცხადა ვაქცინის პრე-კლინიკური კვლევის ხელმძღვანელმა, სარა გილბერტმა

პროფესორის თქმით, ის 80%-ით დარწმუნებულია, რომ ვაქცინა იმოქმედებს.

მომავალ თვეებში კვლევა გაფართოვდება და ვაქცინას 5000 მოხალისეს გაუკეთებენ - ასაკობრივი ლიმიტი დაწესებული არ იქნება. 

მკვლევარების თქმით, ასაკოვან ადამიანებს ვაქცინებზე უფრო სუსტი იმუნური პასუხი აქვთ და ამიტომ უნდა გაარკვიონ, ვაქცინის მოქმედებისას, მათ ორმაგი დოზა დასჭირდებათ თუ არა. 

ოქსფორდის გუნდი ვაქცინის ცდების ჩატარებას აფრიკაშიც, სავარაუდოდ კენიაში, განიხილავს, რადგან აფრიკაში ამჟამად ახალი ვირუსის გადადების მაჩვენებელი იზრდება. 

ოქსფორდის გუნდმა სხვა ტიპის მწვავე კორონავირუსის, 2012 წელს გავრცელებული ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის (MERS) წინააღმდეგაც განავითარა ვაქცინა, რომელმაც კლინიკურ ცდებში დამაიმედებელი შედეგები აჩვენა.

ბრიტანეთის ჯანმრთელობის მდივნის, მეთ ჰენკოკის, თქმით, გაერთიანებულ სამეფოში ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წამყვანი შემქმნელები, ლონდონის იმპერიული კოლეჯი და ოქსფორდის უნივერსიტეტი, კლინიკური ცდების მხარდასაჭერად, ჯამში, 42.5 მილიონ ფუნტს მიიღებენ. 

ლონდონის იმპერიული კოლეჯის გუნდის მიერ შექმნილი ვაქცინის ცდებს ივნისში დაიწყებენ.

ჰენკოკმა აღნიშნა, რომ ბრიტანეთი ვაქცინის წარმოების შესაძლებლობებშიც დებს ინვესტიციას - "იმ შემთხვევაში, თუ ამ ვაქცინიდან რომელიმე უსაფრთხოდ იმოქმედებს, ჩვენ შეგვეძლება, ბრიტანელი ხალხისთვის, ეს რაც შეიძლება სწრაფად ხელმისაწვდომი გავხადოთ".

აღსანიშნავია, რომ აშშ-ში Covid 19-ის 1-ლი სატესტო ვაქცინის გამოცდა 16 მარტს დაიწყო და თუ გაამართლა, ის 12-18 თვეში გავრცელდება.

კომენტარები